წყარო: Media.ge
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ 26 მაისის ღამეს მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალის გადამეტების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. ვწუხვართ ადამიანთა დაღუპვის და დაშავების გამო.
კოალიციისთვის მიუღებელია 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებისათვის ვიდეოკამერების წართმევა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, ჟურნალისტის საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ზეწოლის ყოველი ფაქტი, რათა კანონით დადგენილი წესით პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის გამო სდევნიდა. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მიმართულია ჟურნალისტების წინააღმდეგ.
კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს იმ ტელევიზიების მიმართ, რომლებიც მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციის არასრულად და ტენდენციურად აშუქებდნენ. ნაციონალური არხების მიერ არ მომხდარა მომიტინგეთა დარბევისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების სრულყოფილი და ობიექტური გაშუქება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა, რომლის ეთერითაც მაყურებელს არ მიეცა საშუალება სრულოფილი ინფორმაცია მიეღო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა შემდეგი სახის უკანონო ქმედებები:
1. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს თამაზ კუპრეიშვილს, რომელსაც, ამასთან ერთად, წაართვეს ვიდეოკამერა.
2. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა დიღმის პოლიციის განყოფილებაში იყო დაკავებული, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლვის გარეშე.
3. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კიდევ ერთ ჟურნალისტს დარეჯან პაატაშვილს სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ვიდეოკამერა წაართვეს. ოპერატორს კი კამერა დაუმტვრიეს.
4. ცრემლსადენი გაზით მოიწამლა ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, სახლში გაწერეს.
5. ნეტგაზეთის კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს.
6. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოკამერა წაართვეს გაზეთ „გურია ნიუსის” ჟურნალისტს ნატო გოგელიას, რისი მომსწრეც Media.Ge გახდა.
7. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს.
8. ხელჯოხით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი ჯორჯაძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა და ფოტოაპარატის გამოყენების საშუალება არ მისცა Media.Ge-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს.
9. „ობიექტივის” ჟურნალისტს, დიანა ხოფერიას მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.
კოალიცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას 26 მაისის ღამეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. მზად ვართ სამართალდამცავ ორგანოებს მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია გამოძიების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით. ასევე, მოვითხოვთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გაწეული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.
კოალიციის წევრი ორგანოზაციები:
1. “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”
2. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის”
3. “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”
4. “რეგიონული მაუწყებლების ქსელი”
5. “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”
6. “მედიაკლუბი”
7. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
8. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
9. “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”
10. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
11. “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”