3 აგვისტოს კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისათვის” პრესკონფერენცია გამართა, სადაც მასთ ქერის (Must Carry) ამოქმედებაზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.
უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
” მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) შესახებ კანონის მიღება არის მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის ინფორმირებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, აღნიშნული კანონის აღსრულება ეფექტიანად განხორციელდეს, რათა კანონით განსაზღვრულ შეზღუდულ დროში მაქსიმალურად იქნეს უზურნველყოფილი საქართველოს მოქალაქეებისათვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდება.
სამწუხაროდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ დროისათვის გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად აფერხებს აღნიშნული საკანონმდებლო აქტის აღსრულებას. კომისიამ დაარღვია კანონით დაკისრებული ვალდებულება და სრულად, ასევე დადგენილ ვადებში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართ Mუსტ ჩარრყ-ს დებულებები ვრცელდება. ამასთან, კომისიის წარმომადგენლები მედიის საშუალებით ახდენენ კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რითაც შეცდომაში შეჰყავთ კომისიის რეგულირებაში მოქცეული შესაბამისი სუბიექტები (ტელევიზიები და საკაბელო ოპერატორები). კომისიის მხრიდან გაკეთებული განცხადებების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შესაბამისი სამაუწყებლო არხების თავიანთ მომსახურების პაკეტში ჩასმის ვალდებულება წარმოეშობათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ ტელეკომპანიის წერილობით შეტყობინებას და თავად ტელეკომპანიები უზრუნველყოფენ სიგნალის მიწოდებას. კანონის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება Must Carry -ს შესახებ მიღებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს ტელეკომპანიების მიერ წერილობითი შეტყობინების ან სიგნალის მიწოდების ვალდებულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანიების განცხადებით, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისინი ვერ უზრუნველყოფენ კომისიიდან ოფიციალურად მიღებულ საკონტაქტო მონაცემებზე საკაბელო ოპერატორებისათვის სათანადო წერილობითი შეტყობინებების გაგზავნას.
მოვუწოდებთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თავი შეიკავოს კანონის არასწორი იტერპრეტაციისაგან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კანონის ეფექტიანად აღსრულებას.”
მედია ამ თემაზე:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი
რუსთავი 2
იმედი
მაესტრო
მეცხრე არხი