19 ოქტომბერს კოალიციამ ‘მედიის ადვოკატირებისათვის’ მედიაგარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებული წინადადებებით საქართველოს მომავალ პარლამენტსა და მთავრობას მიმართა. კოალიციის წევრებმა აქცენტი იმ თემებზე გააკეთეს, რომელთა რეფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაგარემოს გაუმჯობესებისათვის. კოალიციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს კოალიციასთან მედიაგარემოს გაუმჯობესების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა Must Carry-სა და Must Offer-ის კანონით რეგულირება, პირველი არხის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება, სასამართლო დარბაზებში ფოტო და ვიდეო გადაღება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და ის საკითხები, რაც ქვემოთმოცემულ განცხადებაშია ჩამოთვლილი:
კოალიცია ‘მედიის ადვოკატირებისათვის’, 19 ოქტომბერი, 2012.
მედიაგარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებათა მოკლე მიმოხილვა
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვა. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია ერთობლივად ვმუშაობთ დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენ შევიმუშავეთ და ხელისუფლებას წარვუდგინეთ არაერთი წინადადება კონკრეტული რეფორმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინიციატივებს მოქმედი ხელისუფლება ნაწილობრივ იზიარებდა კიდეც, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადახედვის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება.
თითოეულ ქვემოთ მითითებულ საკითხზე წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული გვაქვს კონკრეტული წინადადებები და პროექტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედიაგარემოს გაუმჯობესების კუთხით.
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება
საქართველოს პარლამენტმა მოითხოვოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელოს არაგეგმიური აუდიტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესასწავლად და გამოვლენილი შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. აღნიშნული ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა ცხადჰყო უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა: ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერამ და ბ) ტელეკომპანია „პიკ”-ის მმართველ კომპანია „ალანიასთან” წარმოქმნილმა კონფლიქტმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის შემოწმების დაწყებამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროოს ფინანსური ხარჯები და ტელეკომპანია „პიკ”-ის მმართველ კომპანიასთან – გაფორმებული ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად გვესახება „მაუწყებლობის შესახებ” კანონის იმ ნორმების გადახედვა, რომლებიც ადგენს სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესს.
2. MUST CARRY და MUST OFFER-ის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით
ბოლო წლების განმავლობაში საკაბელო ოპერატორები უარს აცხადებდნენ საქართველოში მოქმედი ყველა მაუწყებლის ჩასმას თავიანთ პაკეტში. უარის ოფიციალურ მიზეზად სახელდებოდა ტექნიკური პრობლემა, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ კრიტიკულ მედიას გავრცელების პრობლემებს ხელოვნურად უქმნიდნენ, მაშინ როდესაც სახელისუფლებო არხების გავრცელების არეალი თითქმის მთელს საქართველოს მოიცავდა.
2012 წლის არჩვენების წინ საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის აქტიური მოთხოვნის შედეგად შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და მიიღო ე.წ. MUST CARRY და MUST OFFER-ს რეგულაცია, რამაც მხოლოდ წინასაარჩვენო პერიოდში უზრუნველყო საერთო მაუწყებლების (ტელეკომპანიები რომლებიც ამზადებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ახალ ამბებს) გავრცელება ყველა ოპერატორის (კაბელური კომპანიები, თანამგზავრული და ინტერნეტოპერატორები) მიერ. ახალი რეგულაცია ასევე ითვალისწინებდა საკაბელო ოპერატორების უფლებას თავიანთ პაკეტში ჩაესვათ საერთო ლიცენზიის მქონე სატელევიზიო არხები, რომლებიც თავის მხრივ „სავალდებულო ტრანზიტის” უფლებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამგვარი ვალდებულება გავრცელდა მხოლოდ უკიდურესად შეზღუდულ პერიოდზე (არჩვენებამდე ორი თვე), რაც არ წარმოადგენს რეალურ MUST CARRY/ MUST OFFER-ს.
შესაბამისად, ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კვლავ დგას დღის წესრიგში, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მედიის მარეგულირებელ კანონებში (კანონი „მაუწყებლობის შესახებ” და კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ).
3. სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა
მნიშვნელოვანია, სასამართლოში აღდგეს ფოტო და ვიდეო გადაღების, ასევე აუდიო ჩაწერის უფლება. ეს გაზრდის მართლმსაჯულებისადმი ნდობას. კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მომზადებული აქვთ პროექტი და მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი განხილვა.
4. ინფორმაციის თავისუფლება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობამ აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. 2012 წლის აპრილში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” საქართველოს სამოქმედო გეგმა, რომლის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო სექტორთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები. ვფიქრობთ, რომ „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” სამოქმედო გეგმაში ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე: ღია მმართველობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა/შემუშავება, გამჭვირვალე საჯარო სამსახურის შექმნა, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ხარჯვის შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტური სისტემის შექმნა, სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და სხვა.
5. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა
ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკავშირის (EU) წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, საქართველო 2015 წლისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს. პროცესი არ გულისხმობს, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და მისი განხორციელება უმთავრესად უნდა მოხდეს მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფისა და აუდიტორიის ინტერესების დაცვის კონტექსტში. ამავდროულად, საკითხის განხილვა უნდა მოხდეს კონფლიქტურ რეგიონებში ციფრული მაუწყებლობის გავრცელების კუთხითაც. მიუხედავად ვალდებულების შესრულების დროის სიმცირისა, დღემდე საქართველოს მთავრობას არ გამოუქვეყნებია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიული დოკუმენტი, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ამ მიმართულებით უპირველესი ამოცანაა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც შესაბამისი უწყებების (ეკონომიკის სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ა.შ.), ისე მედიის განვითარებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციების (მაუწყებლები) წარმომადგენლები და ექსპერტები.
6. აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის გადაჭრა
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრის საკითხი 2011 წლის ნოემბრამდე იყო გადატანილი, თუმცა აჭარის ტელევიზიის სტატუსი დღემდე განუსაზღვრელი რჩება, რადგან კანონში ცვლილება არ შესულა. ამჟამად, ტელევიზია სამართლებრივი რეგულირების სფეროში არ ექცევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
7. საჯარო პირებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების შეცვლა
არაერთი წელია ჟურნალისტების ძირითად პრობლემად იქცა საჯარო სამსახურებიდან ინფორმაციისა და კომენტარის მოპოვების საკითხი, განსაკუთრებული პრობლემაა საქართველოს პრეზიდენტის, მაღალი თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის გაშუქება. გაშუქების პროცესში მომხდარი ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელის შეშლის თითოეულ ფაქტზე ჟურნალისტებს შეჰქონდათ საჩივარი საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა, უშედეგოდ. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან გამოვლინდა დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებების მიმართ. შესაბამისად, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიების შედეგები გახადონ საჯარო ყოველ კონკრეტულ ფაქტზე. ასევე, აღმოიფხვრას დისკრიმინაციული მიდგომის პრაქტიკა მედიასაშუალებების მიმართ.
8. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და ფუნქციების გადახედვა
პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიუხედავად მაღალი საკანონმდებლო გარანტიებისა ვერ მოხერხდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეალურად დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კომისიის ფორმირების ახალი წესის შემუშავება. აგრეთვე, მთელი რიგი ფუნქციების გადახედვა და უფლებამოსილების განსაზღვრა.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები: