განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა აღზრდის ეფექტური მეთოდოლოგიის შემუშავება და მათთვის ოჯახური გარემოს შესაბამისი პირობების შექმნა.
11-17 იანვარს, საქართველოში ლატვიელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის და მათთან მუშაობის გამოცდილება ქართველ პედაგოგებს გაუზიარეს.
ღია საზოგადოების ინსტიტუტის “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი” პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “საქართველოს პორტიჯის ასოციაციის ორგანიზაციული გაძლიერება პორტიჯის პროგრამის საბოლოო სამუშაო სესიის საშუალებით”. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ეწვივნენ ლატვიელი სპეციალისტები საქართველოს და რეგიონში მომუშავე მასწავლებლებს ტრენერების ტრეინინგი ჩაუტარეს. რეგიონებში ინტეგრაციის პროცესი მოცემულ სფეროში ნაკლებად არის განვითარებული.
პორტიჯი არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ადრეულ ეტაპზე, ოჯახის პირობებში ინტერვენციის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მეთოდები რომლებიც შემუშავებული და გამოცდილია პორტიჯის საერთაშორისო ასოციაციის მიერ და წარმატებით გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. საქართველოში, პორტიჯის სისტემა 2006 წელს, ლატვიური პორტიჯის ასოციაციის სპეციალისტებმა დანერგეს. ამ პროგრამის ფარგლებში, პორტიჯის სპეციალისტები მუშაობენ 0- 7 წლის ასაკის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სოციალურ ინტეგრაციაზე.
საქართველოში, პროექტის ფარგლებში, ტრენერების ტრეინინგ კურსი გაიარა სამოცმა მასწავლებელმა. ლატვიელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს სემინარები და ტრენინგები თბილისში (40 მონაწილე) და სიღნაღში (20 მონაწილე). მომზადდა სპეციალური სახელმძღვანელო ტრენერებისათვის.
ტრეინინგის კურსი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებით იყო დატვირთული-ძირითადად შეეხებოდა მეთოდოლოგიისა და ადრეული ჩარევის გავლენის მნიშვნელობას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაციაზე განათლების სისტემაში. ტრეინინგები ჩატარდა წინასწარ შემუშავებული მასალების, ასევე, პროექტის ფარგლებში ლატვიური ენიდან ნათარგმნი ტრენერების სახელმძღვანელოს გამოყენებით.
2010 წლისთვის პორტიჯის ადრეული ინტერვენციის პროგრამა კახეთში, აჭარაში, იმერეთში, ახალციხის რაიონში და გურიაშიც განხორციელდება.