ლექცია ბავშვზე ძალადობის საკითხებზე

01.11.2012

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და ქსელური პროგრამის “აღმოსავლეთი – აღმოსავლეთის საზღვრებს გარეშე” ხელშეწყობით, 27 ოქტომბერს ფონდის ოფისში სკოლის პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისათვის გაიმართა ლექცია ბავშვზე ძალადობის საკითხებზე.

შეხვედრას უძღვებოდა მარგარეტ ლინჩი, რომელიც პროექტის “ბავშვთა მიმართ ძალადობის შეწყვეტისათვის ერთობლივი ქმედება: თანამშრომლობა კავკასიის რეგიონის სამ ქვეყანას შორის” კონსულტანტია. პროექტი ხორციელდება პროგრამის ‘ ‘აღმოსავლეთი – აღმოსავლეთის საზღვრებს გარეშე’ ფარგლებში. 

პროფესორმა ლინჩმა ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ ძალადობაზე, არამედ მოზარდების უგულებელყოფასა და ექსპლოატაციაზე.

მარგარეტ ლინჩი შეეხო ბავშვზე ძალადობისაგან დაცვის სისტემებისა და რეგულაციების მულტიდისციპლინარული მიდგომის აუცილებლობის საკითხსაც. კერძოდ: რატომ საჭიროებს ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა მულტიდისციპლინარულ მიდგომას და სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობას; რა მოიაზრება მუტიდისციპლინარულ საქმიანობაში; როგორ ხდება მულტიდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით ბავშვთა უფლებების დაცვა; როგორია ორგანიზაციების (სკოლის, სამედიცინო დაწესებულებების, სოციალური მომსახურების სააგენტოების, პოლიციის დეპარტამენტებისა და სხვათა) როლი და სხვ. პროფესორმა ლექციის მონაწილეებს მულტიდისციპლინარული საქმიანობის წარმატებული მაგალითებიც გაუზიარა.

როგორც მარგარეტ ლინჩმა აღნიშნა, მულტიდისციპლინარული სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, სხვა ძირითად ნორმატიულ აქტებზე, საზოგადოების მხარდაჭერასა და სპეციალისტთა კომპეტენციაზე. თავად ასეთი სისტემის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ ყველამ იცოდეს, როგორ მოიქცეს ბავშვთა ძალადობისა და უგულებელყოფის დროს; შემუშავდეს ერთიანი დეფინიციები და ტერმინოლოგიები; ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობა და განისაზღვროს თითოეული სექტორის როლი და პასუხისმგებლობა; შემუშავდეს პრევენციული სტრატეგია და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებისათვის. ყოველივე ეს კი თავისთავად არის გარანტი იმისა, რომ ბავშვთა ძალადობისა და უგულებელყოფის ყოველ ფაქტზე მოხდეს სათანადო კოპლექსური რეაგირება.

ბავშვზე ძალადობისაგან და უგულებელყოფისაგან დაცვის საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მასწავლებელს, რადგან ბავშვზე ზრუნვას მასწავლებელს თავად სისტემა ავალებს. თუმცა, ბავშვთა კონტროლის, მართვისა და აღზრდის ალტერნატიული გზები უნდა ისწავლონ როგორც მასწავლებლებმა, ასევე მშობლებმა და ზოგადად საზოგადოებამ.

‘რადგან ბავშვზე ძალადობისაგან დაცვის სისტემა ჰგავს ხიდების მშენებლობას, ნებისმიერი საკითხის მიმართ უნდა განხორციელდეს კომპლექსური მიდგომა და მრავალი სექტორის ერთობლივი მუშაობა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაუდევრობით და უყურადღებობით “დარჩენილ ნაპრალში” ძალადობის მსხვერპლი ბავშვების “ჩავარდნა”‘- ამბობს მარგერეტ ლინჩი.

###

მარგარეტ ლინჩის შესახებ:

მარგარეტ ლინჩი არის ლონდონის ქინგს კოლეჯის (Kings College) პროფესორი, პედიატრი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელი მუშაობს ბავშვზე ძალადობის საკითხებზე. ის ასევე არის ქსელური პროგრამის “აღმოსავლეთი – აღმოსავლეთის საზღვრებს გარეშე” პროექტის “ბავშვთა მიმართ ძალადობის შეწყვეტისათვის ერთობლივი ქმედება: თანამშრომლობა კავკასიის რეგიონის სამ ქვეყანას შორის” კონსულტანტი. საქართველოში იმყოფებოდა პროექტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

ბავშვზე ძალადობის საკითხებზე მსგავსი ლექციები სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის მომავალშიც გაიმართება.

19 ნოემბერი არის ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მსოფლიო დღე.