მიმდინარე წლის 5 მარტს ფონდმა ”ღია საზოგადოება – საქართველო” ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებისათვის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის (ACNP) საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია მოაწყო ფონდის ოფისში

27.01.2010

 

 

პროგრამა და მისი საგრანტო კონკურსის შესაძლებლობები დამსწრეებს დეტალურად გააცნო აღნიშნული პროგრამის მენტორმა, ანა რიაბოშენკომ. პროგრამა გასცემს გრანტებს კერძო პირებსა და ორგანიზაციებზე იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც მხატვრული და გამომხატველობითი კულტურის მეშვეობით ხელს უწყობენ ღია საზოგადოების ღირებულებების ჩამოყალიბება-განვითარებას.   მსგავსი პრეზენტაციების ჩატარება 2009 წლის მარტსა და აპრილში დაიგეგმა საქართველოს კიდევ 3 რეგიონში – თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, რომელთა მიზანია პროგრამის ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და, ასევე, იმ რესურსების აღმოჩენა და გამოვლენა, რომლებიც რეგიონებში არსებობს. მენტორმა დამსწრეებს გააცნო ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის პრიორიტეტები, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის  პირობები, პოტენციური გრანტის მიმღები ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების ზოგადი კონსულტაციების შესაძლებლობა და დეტალები, ასევე აპლიკაციის მომზადების წესები.  აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ გრანტის 2 მიმღები, რომლებმაც თავიანთი პროექტები გააცნეს საზოგადოებას. ქალბატონმა მანანა ვარძელაშვილმა, ერთ-ერთმა გრანტის მიმღებმა, საკუთარი პროექტის მაგალითზე “ფარაჯანოვის ეზო” წარმოაჩინა ამ პროგრამის მნიშვნელობა და საჭიროება. მეორე გრანტის მიმღებმა, მალხაზ შველიძემ, ისაუბრა თავისი პროექტის  (“თიხა – ურთიერთობის ფორმა”) შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ფარგლებში მათ მიეცათ საშუალება შეეძინათ ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საქართველოში თიხის დამუშავების ხარისხს საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლებდა. 

პრეზენტაციის მსვლელობისას, მენტორმა მრავალ შეკითხვაზე გასცა  პასუხი და დასასრულ ინდივიდუალური კონსულტაციებიც გამართა. დამსწრეები, რომლებიც, ძირითადად, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ, ასევე გაეცნენ ფონდში კულტურისა და ხელოვნების სფეროში გამოცხადებულ სხვა კონკურსებს.

 

 

ნინო კიკნაველიძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი