მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში: სასურველი და რეალიზებული

17.05.2010

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი გამოკითხვა “ბარომეტრი 2009” ჩაატარა და ანგარიში ”მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში: სასურველი და რეალიზებული” გამოსცა. პუბლიკაციის პრეზენტაცია 23 აპრილს, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გაიმართა. კვლევა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულებების დადგენას სამოქალაქო აქტივობის, დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების,   ადამიანის უფლებათა დაცვის და მედიის თავისუფლების მიმართ. კვლევის მიზანს  ასევე წარმოადგენდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვის და სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტებისადმი ნდობის დონის დადგენა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის აღქმა და სასურველი საგარეო ორიენტაციების იდენტიფიკაცია.

გამოკითხვამ 1100 რესპონდენტი მოიცვა და  2009 წლის 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარასა და თბილისში განხორციელდა.

გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში  დემოკრატიული პრაქტიკის დეფიციტია.  სამოქალაქო საზოგადოების ხილვადობის სიმცირე და მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის დონე დაბალია,  მოსახლეობა აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ ნაკლებად ხედავს ქვეყანაში მათი რეალიზაციის შესაძლებლობას. უძლურობის განცდა და ინდიფერენტული დამოკიდებულება  ფართოდ არის გავრცელებული.   მცირეა იმ ადამიანების წილი, ვისაც მიაჩნია, რომ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

იხ. ანგარიშის სრული ვერსია.