წყარო: ონლაინ გამოცემა ‘ლიბერალი’
უკვე ერთი კვირაა, თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილას ეტლით მოსარგებლე ადამიანები ხელმოწერებს აგროვებენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებას მოითხოვენ. აქცია მოაწყო ორგანიაზაციამ – “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”.
რატომ გახდა აუცილებელი ახალი ორგანიზაციის შექმნა? რითი განსხვავდება თქვნი ორგანიზაცია სხვა ენჯეოებისგან, რომლებიც ამავე თემაზე მუშაობენ?
ჩვენი ორგანიზაციის მიზანია გააგებინოს საზოგადოებას, რომ სწორი მიდგომაა საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. უკვე ჯაჭვივით აეწყო – ჩვენ საზოგადოებამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებად ჩაგვთვალა და ჩვენც მივიღეთ ეს შემოთავაზება, დავსხედით სახლში და დავიჭირეთ ხელში ტელევიზორის პულტი. იმისთვის, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს, ყველაზე მეტად ჩვენი აქტიურობაა საჭირო, ისე, სხვანაირად ძნელი იქნება ამ დამოკიდებულების შეცვლა.
ტრავმა 2003 წელს მივიღე და იმ წელსვე სარეაბილიტაციოდ ყირიმში წავედი. დიდი ხანია, სხვადასხვა სპინალური დაზიანებების მქონე ქართველები ყირიმში გადიან რეაბილიტაციას. იქ დიდი ცენტრია და ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, სწორედ იქ გავიცანი. უკანდაბრუნებული უკვე ინტეგრირებული ვიყავი. იქ ბევრ მაგალითს ხედავ, ნახულობ, რომ დიდი ხნის ტრამვირებულები მორგებული არიან ცხოვრებას, დამოუკიდებლები არიან, ჩვეულებრივად ცხოვრობენ.
გავერთიანდით ძირითადად, სპინალური დაზიანების მქონე ადამიანები, ვცდილობით ინფორმაციის გაცვლას. ინფორმაცია დღესაც ნაკლებია, ჩვენი საიტიც იმას ემსახურება, რომ სპინალური დაზიანების მქონე ადამიანებს და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა საკითხზე, იქნება ეს დამოუკიდებლად ცხოვრება, ჯანმრთელობა, სპორტი და ა. შ.
ორგანიზაციის შექმნაზე 2010 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ ფიქრი. თავიდან მოძრაობა იყო, ვიკრიბებოდით და რაღაცების გაკეთებას ვცდილობდით – მაგალითად, ახალაშენებულ სამების ეკლესიას არ ჰქონდა პანდუსი და მის გაკეთებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა.
ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული. მინახავს ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც მარტო იმიტომ მუშაობენ, რომ იმუშაონ. ჩვენთვის, მთავარი შედეგია. იურიდიული სტატუსი მივიღეთ, რადგან დონორების დახმარებით უფრო მეტს გავაკეთებთ.
როგორ უნდა დადგეს შედეგი?
შედეგს რაც შეეხება, ეს ძალიან ეტაპობრივი პროცესია. ახლა გავაკეთეთ პეტიცია თბილისის მერიის სახელზე, რომელითაც მოვითხოვთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეებისათვის. აქცია ივლისში დავგეგმეთ, წინასაარჩევნოდ ვაპირებდით მის წარდგენას. ვიფიქრეთ, რაში გამოგვეყენებინა წინასაარჩვენო პერიოდი და გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება მოგვეთხოვა. ეს ელემენტარულია, მარტივზე მარტივი. ბუნებრივია, კიდევ უამრავი პრობლემაა, სახლებიდან გამოსვლაც ჭირს, მაგრამ ადაპტირებული ტრანსპორტი გაუადვილებს ცხოვრებას ეტლით მოსარგებლე პირებს. ბევრი მათგანი დასაქმებულია, ნაწილი იურტიციის სამინისტროში მუშაობს, ნაწილი – კერძო სექტორში და ბევრია ისეთი, ვისაც მანქანა არ ჰყავს, და თუ ტაქსის ფული არ ექნათ, სახლიდან ვერ გამოდიან.
პეტიციის პრეზენტაცია 20 სექტემბერს უნდა გამართულიყო და ის, რასაც ახლა ვითხოვთ, წინასაარჩევნოდ უნდა მოგვეთხოვა. მაგრამ 19 სექტემბერს ციხის წამების კადრები გავრცელდა და უკვე 21-ში ციხეებში წამების გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ. ეს სპონტანურად მოხდა. ქაღალდი იქვე მივიტანეთ და პლაკატები იქვე დავწერეთ. 20-30 ადამიანი ვიყავით ეტლებით და სხვისი უფლების შელახვას ვაპროტესტებდით. იქ ერთი პლაკატი არ ყოფილა ჩვენი უფლებების შესახებ. ეს ძალიან გამიხარდა. თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მზად არიან სხვისი უფლების დასაცავად, ე.ი. საკუთარ უფლებებსაც დაიცავენ. მე ამისი იმედი მაქვს.
შეიძლება ამ ავტობუსების ადაპტირება, თუ მერიამ ახალი მანქანები უნდა შეიძინოს?
პეტიციაში მერიას ვთავაზობთ, კეთილი ნება გამოიჩინონ და პირველი ნაბიჯები გადადგან. უნდა გაკეთდეს ცხელი ხაზი, სადაც ინფორმაციის ადვილად მოპოვება შეიძლება იმის შესახებ, თუ რომელ ხაზზე და რა დროს მოდის ეტლისთვის ადაპტირებული ავტობუსი. თავიდან თითოეულ ხაზზე ერთი ადაპტირებული მანქანაც რომ დაემატოს, ისიც საკმარისი იქნება. ჩვენ შეგვეძლო განგვესაზღვრა მარშრუტებიც, რაც ნამდვილად ვიცით, რომ ეტლით მოსარგებლეებს სჭირდებათ, ვიცით კონკრეტული ადამიანები, ვინც სამსახურში ყოველდღიურად დადიან.
მთავარია, პროცესი დაიწყოს. საბოლოო მიზანია, რომ ქალაქში ტრანსპორტი მთლიანად იყოს ადაპტირებული ეტლისთვის. 31-ე ქარხანაში დამზაადა პანსდუსი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს, შეიძლება ახალი შეიძინო, ან ნახმარის ყიდვაც შეიძლება. მთავარია, მერიამ ნება გამოიჩინოს.
რა შედეგს ელით მერიისგან?
ხელმოწერებს უკვე ერთი კვირაა ვაგროვებთ. ეტლით მოსარგეებლეები თვითონ დგანან თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ადგილას, მეტროების გამოსასვლელებში, უნივერსიტეტებთან, ვიყავით ბერას კონცერტზეც, და სთხოვენ ადამიანებს, ხელი პეტიციას მოაწერონ. ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია, ქალაქში გამოდიან, ელაპარაკებიან ხალხს და თუკი ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, აუხსნიან. უკვე 4000 -ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
უმაღლესი სასწავლებელები რომ არ არის ადაპტირებული, ეს ნამდვილი კატასტროფაა. სტუდენტებს უნდა ჰყავდეთ მეგობრები, თანაკურსელები სხვადასხვა შეზუდვებით, მათთვის ნაცნობი უნდ იყოს ეს თემა, რათა შემდეგ რომ გაიზრდებიან და გადაწყვეტილებების მიმიღებები გახდებიან, საჭიროებებს იცნობდნენ და იზრუნონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
მერიამ პასუხი უნდა გაგვცეს. კატეგორიულად მოვითხოვთ, გვიპასუხონ. არა მარტო ჩვენი, არამედ ამდენი ადამიანის სახელით მივდივართ, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას და ხელმოწერების შეტანისას კატეგორიულები ვიქნებით.
ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება არის შეცვლილი შშმ პირების მიმართ?
გააჩნია, რას გულისხმობთ. ზოგადად, ჩვენს მიმართ საზოგადოება რომ სოლიდარულია. ეს ახლაც გამოჩნდა, როცა ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. ეს კარგი ბერკეტია ჩვენთვის.
რაც მეტი ეტლიანი ადამიანი გააქტიურდება და გამოვა გარეთ, მით უფრო სწრაფად დაიძლევა ის სტერეოტიპები, რაც საზოგადოებაშია. სწორედ ამას ვაკეთებთ. მარტო “გაგვიკეთეს” ძახილით არაფერი გამოდის.
მთავარია, რომ სოლიდარობა არსებობს. მაგრამ ადამიანს, რომელიც ქუჩაში მოდის, მეხმარება და ამით ჩემი დამოუკიდებლობის ხარიხს ლახავს, ახლა უნდა გავაგებინოთ, რაში და სად გვჭირდება დახმარება. არა მგონია, რომ საზოგადობამ ეს უგულვებელყოს. ამის დიდი იმედი მაქვს. შედეგიც ეგ იქნება – გააქტიურებული შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირები, ცოტა სტილშეცვლილი ის ორგანიზაციები, რომელებიც წლობით მუშაობენ ამაზე, შშმ პირთა სპორტის განვითარება. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი პარლამენტი კონვენციის რეატიფიკაციას მოახდენს.