მოხალისეობა: საკითხის აქტუალობა და მისი განვითარება საქართველოში

12.10.2011

11 ოქტომბერს ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდულმა რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პროექტის – „სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო პრაქტიკა” – შედეგები წარმოადგინა.

მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისა და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა მოხალისეობის დანერგვა-განვითარებისთვის ინსტიტუციური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. კერძოდ, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს მოხალისეთა დასაქმებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

მოხალისეობის კულტურა ზოგიერთ საზოგადოებაში უკვე ტრადიციულ, დამკვიდრებულ პრაქტიკად ითვლება. ზოგიერთ საზოგადოებაში კი ნელა იკიდებს ფეხს. საქართველოსა და მის მეზობელ ორ ქვეყანაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართულნი მოხალისეობრივ საქმიანობაში.

მოცემული პროექტის მიზანი იყო, გამოევლინა ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც საქართველოში ამ ინსტიტუტის განვითარებას აფერხებს. კვლევის შედეგად გაანალიზდა მოხალისეობის სფეროში არსებული კანონმდებლობის შემუშავების მსოფლიო გამოცდილება და გამოვლინდა ქართულ სინამდვილეში ამ კუთხით არსებული ხარვეზები.

“2001 წლიდან ქვეყნების უმრავლესობამ დღის წესრიგში დააყენა მოხალისეობის სახელმწიფო პროგრამების შექმნის საკითხი. საერთაშორისო ორგანიზაციებმა სხვადასხვა სახით დაიწყეს ქვეყნების წახალისება, რომ ხელი შეეწყოთ მოხალისეობის განვითარებისთვის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, რომელთაც ამ 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ძვრები განიცადეს. კარგი იქნება თუ პოლიტიკის შემქმნელები გააცნობიერებენ მოხალისეობის დადებით ეფექტს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს დაზოგოს თანხები და ახალგაზრდების ენერგია მოახმაროს საზოგადოების კეთილდღეობას, წარმატებულად გაუმკლავდეს კრიზისულ სიტუაციებს. სამწუხაროდ, ამის საჭიროება ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე დავინახეთ, რომელთაც ბუნებრივი კატასტროფები განიცადეს”- ამბობს არჩილ აბაშიძე, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და პროექტის ერთერთი ავტორი.

კვლევაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

“ამ კვლევით ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, რა გავლენას ახდენს მოხალისეობის სფეროში არსებული პოლიტიკა მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებაზე: უშლის თუ არა ხელს რაიმე კანონების არსებობა ან არარსებობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ უფრო აქტიურად და ფართო მასშტაბებით მოახდინონ მოხალისეთა ჩართვა თავიანთ საქმიანობაში. ამ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია ამ სფეროს განვითარებით. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წამოიწყო მოხალისეობის კამპანია და მზად არის, რომ ამ კვლევაზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ჩვენ კი მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონკრეტულ საკითხებში, მაგალითად სტრატეგიის შემუშავებაში”- ამბობს გიორგი აბაშიშვილი, პროექტის ავტორი.

ნახეთ კვლევის სრული ვერსია.