მცხეთაში მინი-ფეხბურთის ტურნირი დევიზით “ერთად დანაშაულის წინააღმდეგ” ჩატარდა.

22.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთობლივი პროექტის – “საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით 2008 წლის 10-17 მაისის მცხეთაში ჩატარდა მინი-ფეხბურთის ტურნირი დევიზით “ერთად დანაშაულის წინააღმდეგ”. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მინი-ფეხბურთის ტურნირმა უკვე რეგულარული ხასიათი (ანალოგიური ხასიათის ღონისძიება შარშან მაისშიც ჩატარდა) მიიღო, რამაც მცხეთის მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ტურნირში მონაწილეობდნენ მცხეთის საჯარო სკოლების
უფროსკლასელები, ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელები, ასევე მცხეთის რაიონული პროკურატურის, პოლიციის, სასამართლოს, გარემოს დაცვის, პრობაციის სამსახურის, ადვოკატურის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.  

ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა, ტურნირის ფინალში კი ერთმანეთს შეხვდნენ მცხეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდები. დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ, დამატებითი ტაიმის ბოლოს მცხეთის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა გოლის გატანა მოახერხა და ტურნირის გარდამავალი თასიც მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში დარჩა.    I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს, ასევე ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის გუნდს გადაეცათ სიგელები, მედლები, თასები და სამახსოვრო საჩუქრები.

 

 

დავით მეტრეველი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა