2007 წლის 23 ივნისს კაფე “ქარავანში” გაიმართა წიგნის “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი” პრეზენტაცია.
წიგნი გამოცემას საფუძვლად დაედო ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი, რაც გულისხმობდა მისი ავტორის, გამოჩენილი ქართველი მთარგმნელისა და მეცნიერის – ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ სემინარების ციკლის, ე.წ. “მასტერკლასის” გამართვას. საუბრების ძირითად თემას პოეტური თარგმანი წარმოადგენდა, თუმცა, სასწავლო სახელოსნოში გამართულ პრობლემებზე საუბრები პროზის მთარგმნელებისათვისაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. სასწავლო სახელოსნოში მასტერკლასის მსმენელებთან მუშაობისას დიდი დრო ეთმობოდა როგორც პრაქტიკულ საკითხებს, ვარჯიშსა თუ ექსპერიმენტებს, ასევე ვახუშტი კოტეტიშვილის გამოცდილების გაზიარებას.
მხატვრული თარგმანის სფეროში ამგვარი მასტერკლასი – შემოქმედებითი დაოსტატების სასწავლო სახელოსნო
პირველად გაიხსნა საქართველოში და ის ხუთი თვის მანძილზე გრძელდებოდა.
პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი – “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი” დააპროექტა გამომცემლობა “დიოგენემ” და ალმანახ “ახალი თარგმანების” რედაქციამ. წიგნში შევიდა შემოქმედებით სახელოსნოში მასტერკლასის მსვლელობისას შესრულებული და ასევე ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანები.
წიგნის პრეზენტაციაზე მასტერკლასის მონაწილეებმა სტუმრებს თავიანთი თარგმანები გააცნეს.