პარლამენტმა Must carry-ის წესი დააკანონა

03.07.2012

წყარო: სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ივნ.’12

პარლამენტმა 29 ივნისს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც არჩევნების დღემდე 60-დღიან პერიოდში საერთო მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. „Must carry”-ის და „Must -offer”-ის პრინციპების მოქმედებას ითვალისწინებს.

არჩევნების დღემდე პერიოდში საკაბელო ოპერატორები ვალდებული იქნებიან შესაბამისი „მაუწყებლების ნებართვის გარეშე” ჩართონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიები. რეგიონალური ტელევიზიების გავრცელებაზე მხოლოდ მათი მაუწყებლობის ზონაში მოქმედი საკაბელო ოპერატორები იქნებიან ვალდებულნი.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საკაბელო ოპერატორებს ვალდებულება ექნებათ გაავრცელონ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე და ასევე ის არხები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის. ეს უკანასკნელი ფორმულირება მიღებული იქნა იმისათვის, რომ ტელეკომპანია „კავკასია”, რომლის სალიცენზიო პირობებიც მხოლოდ დედაქალაქში მაუწყებლობას ითვალისწინებს, წინასაარჩევნო პერიოდში ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული საკაბელო ოპერატორების ყველა მომხმარებლისათვის.

ტელეკომპანია „მაესტრო” და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული „მეცხრე არხი”, როგორც სატელიტური ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიები, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის მასშტაბით ყველა ოპერატორი კომპანიის მეშვეობით.

მეორე მოსმენის წინ კანონპროექტში ასახული ახალი რეგულაციები „Must carry”-ის და „Must -offer”-ის წესის შესრულებას საკაბელო ოპერატორებს არჩევნების დანიშვნიდან სამ დღეში ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება ორ საფეხურიანი სანქცია: ჯერ გაფრთხილება, ხოლო შემდეგ საქმიანობის შეზღუდვა ერთი წლის ვადით.

„Must carry”-ის და „Must -offer”-ის წესების დარღვევით განპირობებულ დავებს შემჭიდროვებულ ვადებში პირველ ეტაპზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ასევე ორი ინსტანციის სასამართლოში.

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკისრება ვალდებულება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „Must carry”-ის და „Must -offer”-ის სავალდებულო წესების შესახებ აცნობოს მაუწყებლებს და საკაბელო ოპერატორებს; ასევე გამოაქვეყნოს მათი ნუსხა.

კიდევ ერთი ახალი დებულება, რომელიც კანონპროექტს მიღებამდე დაემატა, მისი ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, არის „Must carry”-ის და „Must -offer”-ის წესების სავალდებულო მოქმედება არჩევნების მეორე ტურის და შუალედური არჩევნების წინ, კენჭისყრის დღემდე. ეს, კუბლაშვილის თქმით, პასუხობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრინციპს, რომ სავალდებულო ტრანზიტის წესები მოქმედებდეს სააგიტაციო პერიოდში.

29 ივნისს კანონპროექტის განხილვის დროს, წინა განხილვების მსგავსად, უთანხმოების თემად კვლავ დარჩა „Must carry”-ის და „Must -offer”-ის მოქმედების ვადები, რომლის გახანგრძლივებასაც არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, ვიდრე შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება, ითხოვდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას” წარმომადგენელი ორგანიზაციები, რომლებიც მაისიდან აქტიურად ლობირებენ Must carry-ის წესის შემოღებას.

„ეს შენ გეხება” განცხადებაში, რომელიც 29 ივნისის კანონპროექტის კენჭისყრის წინ გავრცელდა, მიესალმა მათი რეკომენდაციების შედეგად ინიციატივის „გაუმჯობესების” ფაქტს, თუმცა „მნიშვნელოვანი ხარვეზი” უწოდა Must carry-ის ვალდებულების მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებას და ამ ვადის გახანგრძლივებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის საბოლოო შეფასებების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო განხილვისას ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნების დღეს მაყურებლისთვის ცალკეული ტელევიზიების სიგნალების მიწოდების შეწყვეტა გამოიწვევს „საინფორმაციო ვაკუუმს”, რაც შეიძლება ვითარების „მადესტაბილიზებელი ფაქტორი გახდეს”.

თუმცა „Must carry”-ის და „Must -offer”-ის მოქმედების გახანგრძლივებისკენ მოწოდებებს მმართველი პარტიის დეპუტატები კვლავ არ დათანხმდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე „Must carry”-ის წესის მოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში უნდა შეწყდეს ტელევიზიების ტრანსლირება.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ და წავახალისებთ ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს საკაბელო ოპერატორებს და სატელევიზიო არხებს გააგრძელონ თანამშრომლობა და გააგრძელონ ის, რასაც ჩვენ სავალდებულო წესით ვამკვიდრებთ წინასაარჩევნო ორთვიან პერიოდში”, – განაცხადა მან საღამოს სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ.

თუმცა მანამდე პარლამენტის დილის სხდომაზე თავის გამოსვლაში ბაქრაძემ განაცხადა, რომ ისეთ „წვრილმან” საკითხზე დებატებში, როგორიცაა „Must carry”-ის და „Must -offer”-ის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გახანგრძლივება, არ უნდა „დაიკარგოს ის ძალიან დიდი პოზიტივი და დიდი მიღწევა, რომელიც არის აღნიშნული კანონპროექტი”. მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში „უხეშად ვერ ჩაერევა” საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში.

„ნუ დასახავთ ისე, თითქოს „Must carry”-ის პრინციპის შეჩერების შემდეგ უცებ ქვეყანა აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში”, – მიმართა ბაქრაძემ ოპონენტებს, „არანაირ ვაკუუმში არ აღმოჩნდება და იქნება ზუსტად იგივე რეჟიმში, რა რეჟიმიც არის დღეს”.

დღესდღეობით, ტელეკომპანია „მაესტრო” არ არის ხელმისაწვდომი საკაბელო ოპერატორების – „სილქ TV”-ის და „კავკასუს TV”-ის პაკეტებში, რაც ტელეკომპანიის თქმით, ამ საკაბელო კომპანიების მიერ პოლიტიკური მოტივაციით მიღებული გადაწყვეტილებაა. „მეცხრე არხს” ყველა საკაბელო ოპერატორმა უთხრა უარი ტრანზიტზე გარდა ერთი „გლობალ TV”-ისა, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.

თავად „გლობალ TV”-ის არ აქვს უფლება გადასცეს რამდენიმე არხი, მათ შორის ნაციონალური მაუწყებლები „რუსთავი 2″ და „იმედი” მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიებმა „გლობალ TV”-ის კომერციული მოტივებით მოთხოვეს, რომ გაეთიშა მათი სიგნალი. „გლობალ TV”-ის განცხადებით, ეს განზრახ გაკეთდა იმისთვის, რომ მათი აბონენტები სხვა საკაბელო ოპერატორებთან გადასულიყვნენ და პოტენციური კლიენტები დაეკარგა კომპანიას, რათა შეზღუდულიყო იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც „მეცხრე არხის” ნახვის საშუალება ექნებოდა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით და ინტერნეტით.

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლები 21.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით 70 საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია – სილქნეტი 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, სუპერ TV და GNN (რომელიც ძირითადად საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.