პარტნიორობა ღია მმართველობისათვის

01.11.2013

31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ლონდონში იმართება „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” (OGP) ყოველწლიური სამიტი.

ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარ ქვეყნებში ბოლო დროს ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და  ანგარიშვალდებულებისთვის განხორციელებული მიღწევები.

სამიტის ფინალურ ეტაპზე გამოცხადდება  გამარჯვებული ქვეყანა, რომელიც მიიღებს გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოს (Bright Spots prize). ამ ნომინაციის მოსაპოვებლად შვიდ ქვეყანასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, 2013 წლის 16 ოქტომბერს საქართველოც წარადგინა.

საქართველო კონკურსში წარდგენილია საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონმდებლობის მიღების გამო. აღნიშნული კანონმდებლობის შემუშავება საქართველოში ინიცირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.  

სამიტზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ქართულ სტანდარტსა და მისი შემუშავების პროცესზე ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა  გიორგი კლდიაშვილმა.

მიმდინარეობს კონკურსანტის გამოვლენა ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით. ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე 1 ნოემბერს, საღამოს 8 საათამდე.

კონკურსის სხვა მონაწილე ქვეყნებია: ჩილე, ინდონეზია, ესტონეთი, მონტენეგრო, ფილიპინები და რუმინეთი.

დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.