ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 28 ივნისს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც დაფინანსების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების საკითხებს ეხება. ანგარიში ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და მოიცავს იმ საარჩევნო სუბიექტების შემოსავლების და ხარჯთაღრიცხვის ანალიზს, რომელთაც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მოიპოვეს მანდატები. ანგარიშის პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წადმომადგენლები, პოლიტიკოსები და ექპერტები ესწრებოდნენ. ანგარიშის მიგნებების საფუძველზე, შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ანგარიშში განხილულია პოლიტიკურ პარტიების და მათი საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროები, მათი თავისებურებები და ხარჯვის ტენდენციები. ასევე შესწავლილია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად პარტიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება. დოკუმენტის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
“ანგარიშში საინტერესო მიგნებებია და ამის საფუძველზე მოცემულია რეკომენდაციები დაფინანსების პრაქტიკისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად. ძირითადი მიზანი არის გამჭვირვალობის მიღწევა და თანაბარი კონკურენციის პირობების შექმნა პარტიებისათვის.”- აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.
კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში პარტიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების ანალიზი საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ხარჯთაღრიცხვის ერთიანი ფორმის არარსებობაა. ზოგიერთი პარტია ხარჯებს 4-5 კატეგორიად ჰყოფს, ზოგს კი გაცილებით დეტალური ხარჯთაღრიცხვა აქვს წარმოდგენილი. ზოგიერთი პარტია ხარჯების დიდ ნაწილს „სხვა ხარჯების” გრაფაში აერთიანებს. ეს მაჩვენებელი ხშირად მთლიანი ხარჯების 70%-ია, ზოგ შემთხვევაში კი მილიონ ლარსაც აჭარბებს. ასეთი ფაქტების გამო პარტიათა ხარჯების ანალიზი მნიშვნელოვნად რთულდება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს მხოლოდ პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ევალება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო საერთოდ არ არსებობს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის ნინა ხატისკაცის თქმით “საქართველოში არ არსებობს ორგანო, რომელიც მუდმივმოქმედი იქნება და შეამოწმებს, როგორ ფინანსდებიან და განკარგავენ თანხებს პარტიები. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშების ანალიზისას იკვეთება უამრავი ხარვეზი და არათანმიმდევრულობა. ეს კი სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.”
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ხშირად გართულებული და თითქმის შეუძლებელია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროების დადგენაც. პარტიები საარჩევნო კამპანიების ფონდებში თანხებს თავიანთი პარტიული ფონდებიდან რიცხავენ.
2008-2010 წლების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების კვლევამ დაადგინა, რომ ფინანსური რესურსი საარჩევნო სუბიექტებზე არათანაბრად ნაწილდება. გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა დამისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ. ასე მოხდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და ყველა შემდგომ არჩევნებზე.
“ერთ-ერთი პრობლემა რაც გამოიკვეთა და პოლიტიკურ პარტიებში არაკონკურენტული პირობებს ქმნის არის რესურსების სხვადასხვანაირი და არაპროპორციული გადანაწილება. მაგალითად, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებამ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას 7-ჯერ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კი 26-ჯერ გადააჭარბა ყველა პარტიის დაფინანსებათა ჯამს. ეს პრობლემას უქმნის პოლიტიკურ კონკურენციას.”-ამბობს ხატისკაცი.
ნახეთ კვლევის ანგარიშის სრული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უყურეთ, მოისმინეთ და წაიკითხეთ, როგორ აშუქებს მედია ამ მოვლენას.
ნახეთ ღონისძიების ფოტოები.