14 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „პოლიტიკური პლაკატი – საქართველოს არჩევნების ისტორია”. გამოფენა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და მის მიზანი არის, შეახსენოს საზოგადოებას საარჩევნო გამოცდილება, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან დაგროვდა.
გამოიფინება 1990 წლიდან მოყოლებული ჩატარებული ყველა დონის არჩევნების ამსახველი პოლიტიკური საარჩევნო პლაკატი. დამოუკიდებლობის წლების მანძილზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაგროვდა საარჩევნო პლაკატების დიდი კოლექცია. ექსპერტებმა გამოსაფენად შეარჩიეს ის მასალა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ასახავს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი საზოგადოების საარჩევნო კულტურის თავისებურებებს და ამ კულტურის განვითარების უმთავრეს ტენდენციებს. შერჩეული ექსპონატები თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოს საარჩევნო-პოლიტიკური პროცესის სპეციფიკას და თითოეული ცალკე აღებული არჩევნების თავისებურებებს.
ემზარ ჯგერენაია (გამოფენის იდეის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი): „გამოფენის მთავარი არსი არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პროცესის დინამიურობის და თავისებურებების საზოგადოებისთვის გაცნობა და იმის შეხსენება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ბევრად განსაზღვრავს თითოეული ამომრჩევლის და, ფართო აზრით, ქვეყნის მომავალს.”
გამოფენის კონცეფციის ერთერთი მთავარი ელემენტი არის ერთგვარი “პოლიტიკური ნეიტრალიტეტი”, რაც გულისხმობს 1989 წლიდან ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტის საარჩევნო პლაკატის პროპორციულად, თანაბრად და მიუკერძოებლად წარმოდგენას. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად მისი წარსული და დღევანდელი მდგომარეობისა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცევა და იგი არ იქნება უგულებელყოფილი. გამოფენის კონცეფცია შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: “პოლიტიკურად ნეიტრალურობის დაცვა და პოლიტიკური მრავალფეროვნების ასახვა.”
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.
გამოფენა 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.