პრემიის „თავისუფალი“ გამარჯვებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე გამოვლინდნენ. ამ პრემიის მიზანი თავისუფალი შემოქმედებისა და აზროვნების წახალისება და დამოუკიდებელი სათეატრო ორგანიზაციების / არტისტების საქმიანობის მხარდაჭერაა. ვინაიდან ფონდი ყოველთვის იყო თავისუფალი ადამიანების გვერდით, ყოველივე ქართულის გულშემატკივრად, ჩვენ პრემიის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო სპექტაკლი – „ნინო, ჩემი აფროდიტე“ (თეატრი ათონელზე) – 10,000 ლარით დავაჯილდოვეთ.
საგულისხმოა, რომ პრემიის მფლობელები – საუკეთესო სპექტაკლი, მსახიობები და სცენოგრაფია – გამოვლინდნენ სწორედ იმ სივრცეში, სადაც ქართული საზოგადოება დღეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და ჩვენი ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მითუმეტეს, ბოლო დღეებში, ამ გამზირზე, გამორჩეული სიელვარით ვხედავთ სწორედ კულტურის სფეროს, თეატრებისა თუ სხვა შემოქმედებითი სივრცეების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაშური სამოქალაქო ჟინითა და გამბედაობით უდგანან ფარად იმ პატრიოტ ადამიანებს, რომელთა პროტესტმაც აუცილებლად ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება უნდა მოიტანოს.
უკვე მეორე წელია, პრემია „თავისუფალი“ აერთიანებს იმ დამოუკიდებელ, არასახელმწიფო დაფინანსებით მოქმედ თეატრებსა და არტისტებს, რომლებიც, რთული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ღირებული სასცენო პროდუქტის შექმნას ახერხებენ. პრემია არის ერთგვარი რეაქცია თავისუფალი შემოქმედებითი და მოქალაქეობრივი აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლების იმ შეზღუდვაზე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. პრემიის ამოცანაა, წაახალისოს პროცესი, რომელიც სიახლის ძიებას, ტრადიციული თეატრალური გამოცდილების გადააზრებასა და დამოუკიდებელი ხელოვანების მხარდაჭერას გულისხმობს.
პრემიის „თავისუფალი“ საუკეთესო სცენოგრაფიის ნომინაციაში გაიმარჯვა მიხეილ ჩარკვიანმა ათონელის თეატრში დადგმული სპექტაკლით “სიყვარული და ინფორმაცია”. საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ ნატალია გაბისონია სპექტაკლით “პათეტიკური მონოლოგები” / თეატრალური კომპანია “ჰარაკი” და ბექა ხაჩიძე სპექტაკლით “ბერსერკები II. მზიანი მხარე” / საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია.