ავტორი: სალომე ბრეგვაძე
ბოლო თვეების განმავლობაში, ანტისამთავრობო პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სლოვაკეთი და სერბეთი. ხელისუფლების ცვლილება და ახალი არჩევნების დანიშვნა სწორედ ის პოლიტიკური მოთხოვნებია, რის გამოც ასი ათასობით ადამიანი თბილისის, ბრატისლავისა და ბელგრადის ქუჩებში გამოვიდა.
ამ ქვეყნებში დაწყებული პროტესტი დღემდე გრძელდება და, დემონსტრანტების თქმით, პროტესტი არ გაჩერდება, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი თითოეულ ქვეყანაში ინდივიდუალურია თავისი კონტექსტითა და საპროტესტო მოთხოვნებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროტესტის შედარებითი ანალიზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ პროცესებს შორის მსგავსებები და განსხვავებები. ცხადია, მთავრობის მიმართ უკმაყოფილების დონემ სამივე ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შედეგად, აღნიშნული პროტესტი სხვადასხვა ფორმით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კონკრეტულად რამ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი, რას ითხოვენ აქციის მონაწილეები და რა შედეგებს მიაღწიეს მათ – დეტალურად იხილავთ მიმდინარე ბლოგში.
პროტესტი ცვლილებებისთვის – საქართველო
წლებია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ავტორიტარული მმართველობა, საგარეო კურსის ცვლილება, არადემოკრატიული კანონების მიღება და არჩევნების გაყალბება – ეს არის სწორედ ის მიზეზები, რის გამოც საქართველო მასშტაბური პროტესტის ტალღამ მოიცვა. საქართველოში მრავალმასშტაბიანი პროტესტი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც პარლამენტმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა დაარღვია და ხელმეორედ დააინიცირა, შემდგომ კი ერთპარტიულად დაამტკიცა ე.წ ,,რუსული კანონი’’.
პროტესტის ახალი ფაზა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოქტომბერში დაიწყო – ქართულმა საზოგადოებამ, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, შესაბამისად მისი შედეგები ვერ იქნება მიჩნეული როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება’’.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეუთო-ოდირის შეფასებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მთლიანი საარჩევნო პროცესის მრავალრიცხოვანი დარღვევები, მათ შორის ფუნდამენტური უფლების – ხმის მიცემის ანონიმურობის დარღვევა.
28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც არალეგიტიმურად სცნო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მოითხოვა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.
იმავე საღამოს, ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ინიციატორი 2028 წლამდე არ იქნებოდა, რაც საზოგადოებამ საგარეო კურსის ცვლილების საფრთხედ აღიქვა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
28 ნოემბერს დაწყებულ, უწყვეტ მშვიდობიან პროტესტს დე ფაქტო ხელისუფლებამ ძალადობრივი საშუალებებით უპასუხა. დემონსტრაციები სასტიკად იქნა დარბეული, რასაც ასობით ადამიანის ფიზიკური დაშავება და დაჭერების სერია მოჰყვა. საერთო ჯამში, აქციის 500-მდე მონაწილეა დაკავებული, აქედან 300 ადამიანზე მეტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. დარბევის პროცესში დაშავდა მედიის 90-მდე წარმომადგენელი, თუმცა ძალოვანი სტრუქტურების არცერთი თანამშრომელი დღემდე არ არის დასჯილი. პროტესტში, რომელიც უკვე 3 თვეა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია საზოგადოების ყველა ჯგუფი. მათ შორის არიან საჯარო მოხელეები, რომელთა ნაწილიც საჯარო უწყებებიდან უკვე დაითხოვეს. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება პროტესტზე მწვავედ რეაგირებს. დემონსტრანტების მიმართ დაწყებული, მიზანმიმართული ტერორის გარდა, ქართული ოცნების პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ პოლიტიკაზე მორგება დაიწყო, რის შედეგადაც 8 კანონში ცვლილება შევიდა, კერძოდ, გამკაცრდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსი. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ თანამშრომლობს არც ერთ საერთაშორისო პარტნიორთან.
29 იანვარს, ქართული ოცნების დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, ევროსაბჭო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
საქართველოში ცვლილებებისათვის დაწყებულ უწყვეტ პროტესტს 100 დღე უკვე შეუსრულდა. საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაა. ბრძოლა იქნება ბოლომდე – სწორედ, ეს არის აქციების მთავარი ლოზუნგი.
პროტესტი ცვლილებებისთვის – სერბეთი
სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა ნოემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ნოვი სადში მატარებლის სადგურის ჭერის ჩამონგრევამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1 ნოემბერს დაწყებული პროტესტი დღემდე გრძელდება და მას სათავეში სტუდენტური მოძრაობა უდგას. დემონსტრანტებმა პოლიტიკური მოთხოვნები, კერძოდ ახალი არჩევნების დანიშვნა და გარდამავალი მთავრობის შექმნა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა სტუდენტების მოთხოვნა გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ჩატარების შესახებ.
წლებია, სერბეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ეუთო-ოდირის შეფასებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც 2023 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა, სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა – მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.
2024 წლის 8 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სერბეთში 2023 წლის დეკემბერში გამართული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს ხმების გაყალბების ფაქტზე დამოუკიდებელი საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ. საპასუხოდ, სერბეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმური იყო და შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას ბელგრადი არ დაუშვებდა, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იქნებოდა.
სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტის ახალი ტალღა კი 1 ნოემბრის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. მომიტინგეებმა პროტესტის ერთ-ერთი საშუალება, გაფიცვა გამოიყენეს. პროტესტის ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა ყოველდღიური 15-წუთიანი გაფიცვა 15 დაღუპულის პატივსაცემად – გაფიცვა ყოველდღე, 11:52 საათზე, ზუსტად იმ დროს, როცა ქალაქ ნოვი-სადში სადგურის ჭერი ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები ძირითადად ახალგაზრდები არიან და აქციები სტუდენტური მოძრაობის ლიდერობით იმართება, აღნიშნულ პროტესტს შეუერთდნენ კულტურის, ბიზნესის, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
27 იანვარს დემონსტრანტებმა მთავარი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს, რის შედეგადაც, საპროტესტო მუხტის დეესკალაციის მიზნით, სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. სერბეთის ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად ადეკვატური რეაქცია აქვს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. როდესაც გაფიცვებმა და პროტესტებმა პიკს მიაღწია, სერბეთის პრეზიდენტმა, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე სტუდენტსა და პროფესორს სასჯელი მოეხსნებოდა და მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდებოდა, თუმცა დემონსტრანტებს მსგავსი განცხადებების მიმართ ნდობა არ აქვთ.
15 მარტს, ბელგრადის ქუჩებში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა უშუალოდ პრეზიდენტი ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით. ძალოვნების მიერ აქციის დარბევის დროს 56 ადამიანი დაშავდა.
საპროტესტო მუხტის ფონზე, 19 მარტს სერბეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ სერბეთის მთავრობა ოფიციალურად გადამდგარია. პრეზიდენტ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თუ ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა არ შეიქმნება, ის დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, რომელიც სავარაუდოდ 8 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ,რომ სერბეთის ბოლო საყოველთაო არჩევნებიდან მხოლოდ წელიწადნახევრია გასული, და ის არჩევნებიც,რომელიც 2023 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვუჩიჩმა ვადამდელობის პრინციპით დანიშნა.
პროტესტი ცვლილებებისთვის – სლოვაკეთი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტის ტალღამ დეკემბერში მას შემდეგ იფეთქა, რაც ფიცო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
რობერტ ფიცო ქვეყანას წელიწადზე მეტია მართავს, თუმცა 2006-10/2012-18 წლებში იგი იკავებდა ქვეყნის პირველი პირის, პრემიერ-მინისტრის პოზიციას.
ფიცო დასავლეთში პრორუს, მემარცხენე პოლიტიკოსად მიიჩნევა, ხოლო მისი მმართველობა ევროსკეპტიკური, ანტი-უკრაინული და პრორუსულია. ფიცოს საგარეო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია მეინსტრიმული ევროპისაგან, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან შეაჩერა სამხედრო დახმარება უკრაინისათვის, გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ და პირობა დადო, რომ დაბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ნატოში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 23 დეკემბრი ს ვიზიტს მოსკოვში საზოგადოებამ მასშტაბური პროტესტით უპასუხა. 24 იანვარს, ქვეყნის 20-მდე ქალაქში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგით: ,,ფიცო უკვე კმარა’’,
,,სლოვაკეთი ევროპაა – გვეყოფა რუსეთი’’.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნაა. საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ფიცომ დემონსტრანტები, ოპოზიციური ჯგუფები და მედია საშუალებები ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. სამთავრობო პროპაგანდის მანქანა მიზანმიმართულად მუშაობს, რათა პროტესტი წარმოაჩინოს როგორც რადიკალური და დაორგანიზებული უცხოური ძალების მიერ. ანტისამთავრობო პროტესტმა გარკვეულწილად დააზიანა სახელისუფლებო პარტია, რადგან მათ დაკარგეს საპარლამენტო უმრავლესობა სლოვაკეთის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ფიცომ პროცესის დეესკალაციის მიზნით ადმინისტრაციული ცვლილებები დააანონსა, პროტესტი არ წყდება სლოვაკეთის ქალაქებში. დემონსტრანტების თქმით, პროტესტი არ შეჩერდება მანამ, სანამ ფიცო არ გადადგება და ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება.
პროტესტი ცვლილებებისთვის – შედარება
საქართველოში, სერბეთსა და სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტებს აქვს რამდენიმე როგორც მსგავსი, ისევე განსხვავებული მახასიათებელი. იმისათვის, რომ ეს მახასიათებელი თვალსაჩინო იყოს, უნდა შევადაროთ პროტესტის ფორმები, პოლიტიკური მოთხოვნები, პროტესტის შედეგები და მთავრობის საპასუხო რეაქციები. სამივე შემთხვევაში, ცალსახად ფაქტია, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო და მომიტინგეთა მხრიდან არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ძალადობრივი ხასიათი. ასევე, სამივე შემთხვევაში, პროტესტი მიმდინარეობს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ დემონსტრაციები იმართება ქვეყნის მასშტაბით, რაც მიანიშნებს იმას, რომ პროცესი დეცენტრალიზებულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციებში ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივი და სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიცია კი შედარებით მყიფეა. პროტესტის მთავარი მოთხოვნები – არსებული მთავრობის გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარება – აერთიანებს სამივე ქვეყანაში მიმდინარე პროცესს, თუმცა ამის გამომწვევები მიზეზები განსხვავებულია. საქართველოსა და სლოვაკეთში ამგვარი პოლიტიკური მოთხოვნები გამოიწვია პროდასავლური საგარეო კურსის ცვლილებამ, ხოლო სერბეთში არსებული მოთხოვნების მიზეზი კორუფციისა და ნეპოტიზმის მაღალი ხარისხია. საქართველოსა და სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებისთვის საერთო და სერბეთის მოვლენებისგან განმასხვავებელი მახასიათებელია ის, რომ დემონსტრანტები მშვიდობიანი აქციის დროს ატარებენ ევროკავშირისა და უკრაინის დროშებს – ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ის თემაა, რომელიც სერბ მოსახლეობაში განხეთქილებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროტესტები სამივე ქვეყანაში მშვიდობიანია, პროტესტის ფორმები სერბეთსა და საქართველოში მეტად მსგავსია, რადგან ორივე ქვეყნის დემონსტრანტებმა პროტესტის ფორმად გამოიყენეს გაფიცვა და მნიშვნელოვანი მაგისტრალების ბლოკირება.
სამივე შემთხვევაში, სახელისუფლებო ძალები პროტესტის გასაშავებლად მსგავს ნარატივს ატარებენ. ისინი ამბობენ, რომ პროცესები მართულია გარე ძალის მიერ, რომლებიც ცდილობენ ე.წ მაედნის მოწყობას და სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირებას. ასევე მსგავსია პროპაგანდის მანქანა, რომელსაც წარმატებით ავრცელებენ სახელისუფლებო მედიები. ამასთან, სამივე ქვეყნის სახელისუფლებო ძალა ცდილობს, მაქსიმალური კონტროლი შეინარჩუნოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც უნდა აჟღერებდეს საზოგადოების ხმას, თუმცა ამ შემთხვევებში მორგებულია სახელისუფლებო პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებაზე. საქართველოსგან განსხვავებით, პროტესტმა გარკვეული შედეგები მოიტანა სერბეთსა და სლოვაკეთში. კერძოდ, სერბეთში გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის რამოდენიმე წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა, სლოვაკეთში კი ფიცოს მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოეშალა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი კი შედარებით კრიტიკულია, რადგან „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს საპარლამენტო, სახელისუფლებო და სასამართლო ძალაუფლების უზურპაციას. მიუხედავად იმისა, რომ
პროტესტს საქართველოში საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, „ქართული ოცნება“ აქტიურად ცდილობს საპროტესტო მუხტის ჩახშობას სხვადასხვა ძალადობრივი და საინფორმაციო საშუალებებით. საქართველოს შემთხვევა გამორჩეულია იმ კუთხით, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მწვავე და სასტიკი რეაქცია ჰქონდა პროტესტის მიმართ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების სისასტიკემ გამოიწვია მკაცრი საერთაშორისო რეაქციები და სანქციები, რის შედეგადაც, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.
მიმდინარე პროცესებს შორის კიდევ ერთი თვალსაჩინო მსგავსება არის ის, რომ სამივე ქვეყნის მმართველი ძალები რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებებით გამოირჩევიან. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკას უწონებენ კრემლის პროპაგანდისტები, ხოლო სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერები არ ერიდებიან ღია შეხვედრებს რუსეთის ლიდერთან.
სამივე ქვეყანაში მმართველი ძალა აღიარებს ერთმანეთის ლეგიტიმაციას და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებს ,,გარე ძალების’’ არსებობაში ხედავენ.
საქართველოს, სერბეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკური ლანდშაფტი განსხვავებულია. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ სლოვაკეთი ამ ორ ქვეყანასთან შედარებით უკეთეს კონდიციაში დგას. Freedom House – ის 2025 წლის მონაცემების თანახმად, სლოვაკეთი კონსოლიდირებული დემოკრატია, რაც ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლებრივი წესრიგი და სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში ისეა განმტკიცებული, რომ ერთი სახელისუფლებო ძალისათვის რთულია დემოკრატიული მმართველობის ფორმიდან გადახრა. ამასთანავე, სლოვაკეთი 2004 წლიდან არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო, რაც აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ხარისხს.
სლოვაკეთში არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადებში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ტარდება, საზოგადოებას ნდობა აქვს გამოცხადებული საარჩევნო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოსა და სერბეთის შემთხვევებში. ამ ორ ქვეყანაში, სახელისუფლებო ძალა 2012 წლიდან არ შეცვლილა, ჩამოშლილია დემოკრატიული მმართველობის ფორმა. Freedom House – ის 2024 წლის მონაცემებით, საქართველო და სერბეთი ჰიბრიდული რეჟიმებია, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები, იდევნება დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი, ხოლო მეორეს მხრივ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ტარდება არჩევნები. სერბეთი და საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესშია. თუმცა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, ხოლო სერბეთი 2030 წლის გაფართოების პოლიტიკის ნაწილად ჯერ კიდევ მოიაზრება.
მიმდინარე პროტესტის პოლიტიკური შედეგების განჭვრეტა რთულია, რადგან ერთის მხრივ, პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო სახელისუფლებო ძალების მხრიდან პოზიტიური ცვლილებები არ იგეგმება. სამივე ქვეყანაში, დემონსტრანტები აცხადებენ რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი თითოეული მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. რა იქნება პროტესტის შედეგი საქართველოში, სერბეთსა და სლოვაკეთში – ამას მხოლოდ პროცესის მიმდინარეობა გვიჩვენებს.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.