რამდენად ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა საჯარო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

02.03.2011

28 თებერვალს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” საზოგადოებას წარუდგინა ახალი პუბლიკაცია „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში”.  

ნაშრომი გამოიცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ (IDFI)  პროექტის -“საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი”- ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია კვლევითი საქმიანობებითა და ქართული სამთავრობო ვებ-რესურსების ანალიზით, საქართველოში ტრანსპარენტული ვებ სივრცის განვითარების მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამინისტროების და სამინისტროებთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (48 ოფიციალური ვებ-გვერდის) საინფორმაციო გამჭვირვალობის დეტალური მონიტორინგი.

პუბლიკაციაში  „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში” გაანალიზებულია საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხი, კერძოდ, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებ გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.  საუბარია ასევე ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში და მსოფლიოში.  წარმოდგენილია, ასევე საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით.

“კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახელმწიფო დაწესებულებები არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც მოქალაქეებთან, მედიასთნ და ბიზნეს სექტორთან ინტერაქტიული ურთიერთობის ეფექტურ საშუალებას. ელექტრონული მმართველობის საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით ელ-ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო საწესებულებები იშვიათი გამონაკლისის გარდა მაგ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკუთარი ვებ-გვერდების საჯარო მმართველობის ახალი ფორმების დანერგვას”- აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძრვანელმა ლევან ავალიშვილმა.

არსებული ნაშრომის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა კარგად ცნობილი ვებ პორტალის OPENDATA.GE-ს შექმნა და ამოქმედება. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მეორე გამოცემაც, რომელიც OPENDATA.GE-ს  შინაარსობრივი, სტატისტიკული ანალიზის საფუძველზე მომზადდა და საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მოგვითხრობს.

წიგნის “ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში” გამოცემა ღია საზოგადოების ინსტიტუტმა (Open Society Institute) და ეროვნული უსაფრთხოების არქივმა (The National Security Archive) დააფინანსეს.

 “ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა. გვინდა დავეხმაროთ საზოგადოებას იყონ ინფორმირებულნი, თუ როგორ განკარგავს სახელმწიფო მოქალაქეების გადასახადებით შევსებულ ბიუჯეტს”- აღნიშნა ირინა ლაშხმა, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორმა.

საინფორმაციო ბიულეტენის მოკლე ვერსია

საინფორმაციო ბიულეტენი საჯარო ინფორმაციის ხელმილსაწვდომობაზე (ვრცელი ვერსია)

ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში

ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია

 

მოისმინეთ, წაკითხეთ და ნახეთ, თუ როგორ აშუქებს მედია პუბლიკაციების გამოქვეყნებას.