როგორ ვმართოთ ეფექტურად წამალდამოკიდებულ პირებთან დაკავშირებული შემთხვევები?

27.01.2010

 

 

21-23 იანვარს ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოსა” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ნარკოლოგიის ინსტიტუტში წამალდამოკიდებულ პირებთან დაკავშირებული შემთხვევების მართვის საკითხებში ტრეინინგი ჩატარდა.  

უკრაინიდან და რუსეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ტრეინინგის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნეს, რომლებიც მათ წამალდამოკიდებულ პირებთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევების მართვისას დაეხმარება. ტრეინინგს ნარკოლოგიის ინსტიტუტის და ორგანიზაციების ,,ახალი გზა”, ,,ნაბიჯი მომავლისაკენ”, ,,ქსენონი” თანამშრომლები ესწრებოდნენ. ეს ორგანიზაციები წამალდამოკიდებულ პირებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უწევენ და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური თანხლების საშუალებით, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებაში ეხმარებიან.  

ტრენერებმა სწორედ სოციალური თანხლებისა და  “შემთხვევათა მართვის” (Case Management) პრინციპებზე გაამახვილეს ყურადღება. ტრეინინგის მონაწილეებს გააცნეს “შემთხვევათა მართვის” პროცესი და მეთოდები, შეაფასეს პაციენტთა ინდივიდუალური საჭიროებები, ინდივიდუალურად განიხილეს სამოქმედო გეგმა და მომსახურების ბარათების შედგენის საკითხი, პაციენტთა თანხლების და სამუშაო პროცესის დოკუმენტირების პრინციპები.   

წამალდამოკიდებულ პაციენტებთან მუშაობისას ხშირია ე.წ “გადაწვის სინდრომის” შემთხვევები, რომელიც შესაძლოა წამალდამოკიდებულებთან მომუშავე პირებს დაემუქროთ.  ტრეინინგის ბოლო დღე სწორედ”გადაწვის სინდრომის” შემთხვევის თავიდან აცილების და პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობას დაეთმო. ტრეინინგი დატვირთული იყო ჯგუფური სამუშაოებით. მონაწილეებმა გააკეთეს კონკრეტული სავარჯიშოები, შეისწავლეს სტრესის მართვის და უარყოფით ემოციებთან გამკლავების ძირითადი ტექნიკები.  

ტრეინინგის მსვლელობისას მონაწილეებმა შეარჩიეს კონკრეტული პირები, რომელთანაც ნარკოლოგიის ინსტიტუტი და  ,,ახალი გზა”  მუშაობენ და შეაფასეს მათი საჭიროებები.  

ტრეინინგი ხელს შეუწყობს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზიანის შემცირების ელემენტების ინტეგრაცია ნარკოლოგიური დახმარების ორგანიზებაში” ეფექტურ განხორციელებას. ეს პროექტი მიზნად ისახავს დამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის “შემთხვევების მართვაზე” დაფუძნებული  სამედიცინო-ფსიქოსოციალური დახმარების ერთიანი მოდელის შექმნას, იმისათვის, რომ ასეთი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება.