რამდენად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მედია და რამდენად შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან, როგორ სრულდება ეკონომიკის სექტორში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებები, გაძლიერდა თუ არა დემოკრატიული ინსტიტუტები უსაფრთხოების სექტორში.
ეს ის სამი პრიორიტეტული თემაა, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” მონიტორინგისთვის შეარჩია, გააანალიზა და ჩრდილოვანი ანგარიშის სახით გამოსცა. პუბლიკაციის სახელწოდებაა “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესრულება”. ანგარიშის მოკლე ვერსიას პირველად 2009 წლის ნოემბერში, ბრიუსელში ევროკავშირის, ევროპარლამენტის წარმომადგენლები და ევროპის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ.
საქართველოში გამართულ შეხვედრაზე კი ფონდმა სრული ვერსია წარმოადგინა, რომელიც ექსპერტების ნინო დანელიას, რევაზ საყევარიშვილის და თამარ პატარაიას კვლევის შედეგად მიღებულ მიგნებებს აერთიანებს.
2006 წლის ნოემბერში ძალაში შევიდა სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმა (ENP AP). ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტის ფარგლებში განისაზღვრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველყოფისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა აიღო. მას შემდეგ, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, სხვა დონორ და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, ამ ვალდებულებების შესრულებას ადევნებს თვალს, აფასებს ამ მიმართულებით წინსვლას და წარმოქმნილ პრობლემებსა და ხარვეზებს. სწორედ ამ მცდელობის ნაწილია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პროექტი, რომელშიც ექსპერტები თამარ პატარაია, ნინო დანელია და რევაზ საყევარიშვილი ჩაერთნენ.
“მართალია დღეისათვის აღმოსავლეთის პარტნიორობას მეტი ყურადღება ექცევა, მათ შორის მისი სიახლის დამსახურებითაც, მაგრამ შეუძლებელია იგი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტს მიღმა წარმოვიდგინოთ. ჩვენს ქვეყანას ამ უკანასკნელის ფარგლებში ჰქონდა როგორც წარმატებები ისე შეფერხებები, ამიტომ ნებისმიერი სახის პროგრესი თუ რეგრესი აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში აუცილებლად შეგვახსენებს იმ გაკვეთილებს, რაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში მივიღეთ. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენი ფონდისთვის 2009 წელსაც მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო ეროვნული და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების, ეროვნული და ევროპული მთავრობების ყურადღება მის შესრულებაზე გაემახვილებინა”-აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.
პარტნიორი დონორი ორგანიზაციები მუშაობდნენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მონიტორინგის შემდეგ საკითხებზე: კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა, მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვის პოლიტიკა, საკვები უსაფრთხოება…ფონდმა კი მედიის განვითარების, ეკონომიკის და უსაფრთხოების კომპონენტები მოიცვა.
მართალია, ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ მედიის მდგომარეობაა მოქცეული, მაგრამ შეუძლებელია ეს საკითხი ეკონომიკის და საჯარო მართვის დემოკრატიზაციის კონტექსტებს მიღმა განვიხილოთ. მედიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სექტორების შესახებ დაწერილი სტატიები თემატურად განსხვავებულნი არიან, მაგრამ მთლიანობაში წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისი თავები კარგ ილუსტრირებას ახდენენ იმისა, განიცადა თუ არა წინსვლა ქვეყანამ ზოგადად ევროპული გამოცდილებების დანერგვის თვალსაზრისით.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მედიის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. ძირითად პრობლემას ვაწყდებით მედია ორგანიზაციების მფლობელების გამჭვირვალობის საკითხის განხილვისას. მედია ბაზარი არაა დაცული სახელმწიფო ჩარევისგან, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ტელეკომპანიებს შორის რეკლამის განაწილებას. პრობლემურ საკითხად რჩება მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის საკითხებიც”-აღნიშნავს ნინო დანელია.
რევაზ საყევარიშვილმა აუდიტორიის ყურადღება ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღებულ მიგნებებზე გაამახვილა. მისი თქმით ეკონომიკური განვითარების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება ნელი ტემპებით ხდება, თუმცა ამასთან ხელისუფლებისთვის აზიური ლიბერალური ეკონომიკური მოდელიც მისაღებია, რაც გაურკვევლობას ქმნის განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით, ეკონომიკის სექტორში პრობლემად რჩება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და ინსტიტუციების საკითხი”.
თამარ პატარაია კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, უსაფრთხოების კომპონენტს კურირებდა. “საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სუსტია და არამდგრადი, უსაფრთხოების საკითხებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მექანიზმები პარლამენტის წინაშე ჯერ კიდევ საჭიროებს დამუშავებას და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სათანადო ყურადღების მიღმა რჩება სამხედროთა უფლებების დაცვის სფერო”-აღნიშნა მან.