ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის ”აგვისტოს ნანგრევებში” პრეზენტაციას, რომელიც 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, იმ დევნილთა ნაწილიც დაესწრო, რომლებიც აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენების მოწმენი და იყვნენ.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ანგარიშზე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.
ამ ანგარიშის სამუშაო ვერსიას ა.წ 2 თებერვალს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო და მისი გუნდი გაეცნენ და დოკუმენტი ოფიციალურად მიიღეს. ანგარიშის საბოლოო ვერსიასთან ერთად სასამართლოში გადაიგზავნება სტატისტიკური ანალიზი და ყველა ის სამუშაო მასალა, რომელიც ანგარიშს უდევს საფუძველად.
ანგარიში ძირითადად დევნილთა მონათხრობს ეფუძნება და შესაძლებლობას იძლევა, მთელ მსოფლიოს და, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სასამართლო გაეცნოს ერთად თავმოყრილი ფაქტებს და დოკუმენტური მასალას საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ.
ანგარიშზე მუშაობისას გაანალიზდა 2008 წლის კონფლიქტის ამსახველი მასალა. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მომზადებული სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდა 1055 დევნილის ჩვენება, რომელიც დამუშავდა, როგორც სტატისტიკურად, ისე ფაქტების დაპირისპირების მეთოდოლოგიით.
“ჩვენს ანგარიშს არც აქვს და ვერც ექნება აგვისტოს ომის შედეგების სრულფასოვანი გამოძიების პრეტენზია, თუმცა, მასში ასახული დევნილთა ტრაგიკული ისტორიები, ფაქტები და დოკუმენტური მასალა ნათელი მტკიცებულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედებებისა.
წინამდებარე ანგარიშის მთავარი ღირებულება ის არის, რომ ნაშრომი ქართული უფლებადმცველი ორგანიზაციების სწრაფი მოქმედების შედეგია. ორგანიზაციებმა კოორდინირებულად, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, პრაქტიკულად 2008 წლის სექტემბერშივე დაიწყეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტში მონაწილე ორგანიზაციები დაახლოებით 1000-მდე ომის მსხვერპლის ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაგრძობენ”-ამბობს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი.
ანგარიში მხოლოდ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და შიდა ქართლის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს შეეხება და არ ფარავს 2008 წლის აგვისტოს ომის კოდორის ხეობის მოვლენებს.მუშაობისას ხელმიუწვდომელი იყო ოსური მხარის ხელთ არსებული ინფორმაციაც.
დაზარალებულთა ჩვენებების, დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებების გაცნობისა და ანალიზის, მოწმეთა მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის ნახვის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და მკვლევარების მასალებსა თუ განცხადებებზე დაყრდნობით სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას:
“რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ე.წ “სამშვიდობო ოპერაციის” ამოცანას წარმოადგენდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და მისი მოსაზღვრე სოფლებიდან ეთნიკური ქართველების განდევნა. 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდა იყო კარგად ორგანიზებული და სისტემური ხასიათის ოპერაცია.”
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული მასალა საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი და სისტემატური ხასიათის იყო სოფლებზე განხორციელებული იერიში. რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი სახლების, ბაღების, სახნავი მიწების, სკოლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ისევე როგორც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ სახლების გადაწვა, სოფლების ბულდოზერით მიწასთან გასწორება და სხვა, სწორედ ეთნიკური წმენდის ნათელი მაგალითია. ფაქტები ადასტურებს, რომ დაბომბვები, რომელსაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ ხასიათს ატარებდა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ თუ დანაშაული ჩადენილია, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. საერთაშორისო სამართალი და დემოკრატიული სამყაროს მიერ შექმნილი დაცვის მექანიზმები თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, თუ რა სიდიდის ან გავლენისაა სახელმწიფო, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა ომი.
უყურეთ, მოისმინეთ და წაიკითხეთ თუ რას ამბობს მედია ანგარიშის შესახებ.