საახალწლო დღესასწაული საზღვრისპირა და დევნილთა დასახლების ბავშვებს

26.12.2013

ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო” არც წელს უღალატა ტრადიციას და ახალი წელი სოციალურად დაუცველ ბავშვებს სპექტაკლით და სამახსოვრო საჩუქრებით მიულოცა. 

ღონისძიებას შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლების წითელუბნის და ხურვალეთის, ასევე ხურვალეთის დევნილთა ჩასახლების 4-დან 12 წლამდე ასაკის 150 ბავშვი დაესწრო.

სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო” ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა „ბუდრუგანა-გაგრამ” 25 დეკემბერს გორის თეატრში გამართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოწვეული ბავშვები განსაკუთრებით მოკლებულნი არიან კულტურულ ცხოვრებას და საახალწლო დღესასწაულებს, რადგან სოფლებში და დევნილთა დასახლებაში ღონისძიებები, განსაკუთრებით თეატრალური სპექტაკლები, იშვიათად იმართება.
სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები – წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები დაურიგდათ.

ფონდთან ერთად ღონისძიებას ორგანიზება გორში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოება „ბილიკმა” გაუწია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ეწევა საქმიანობას შიდა ქართლში და მისი მიზანი ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვაა.