საბანკო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული ცვლილებების გავლენა ბიზნესგარემოზე

31.07.2012

 

 

2011 წლის მეოთხე კვარტალსა და 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო, საგადასახადო, სააღსრულებო და მომიჯნავე კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც არსებით გავლენას ახდენს საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზე.

განხორციელებული ცვლილებების ანალიზი ანალიტიკურმა ცენტრის „ეკონომეტრის” ხელმძღვანელმა რევაზ საყევარიშვილმა ‘თბილისი მარიოტში’ გამართულ შეხვედრაზე გააცნო კომერციული ბანკების, საგადასახადო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ანალიზი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრის პირველი ნაწილში საყევარიშვილმა მოკლედ მიმოიხილა ცვლილებების შედეგები საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზე და ზოგადად, ბიზნესგარემოზე. მისი თქმით, აშკარაა საფინანსო საქმიანობის რეგულირების გამკაცრების ტენდენცია.

განვლილ პერიოდში საბანკო-საფინანსო კანონმდებლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა „პოლიტიკურად აქტიური პირის” ან „მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების”საკითხი, რომელთა მიმართაც ნებისმიერი საფინანსო სერვისის განმახორციელებელ ინსტიტუტს ვალდებულებათა საკმაოდ ფართო ჩამონათვალი, უფლებამოსილებები და სანქცირების პირობები განესაზღვრა.

ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცა საფინანსო სერვისის განმახორციელებელი შედარებით წვრილი ინსტიტუტებიც, რომელთა საქმიანობაც მანამდე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეგულირებას არ ექვემდებარებოდა. ბაზარზე მოქმედი ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტის მიმართ ოპერირების ახალი, გაცილებით უფრო მკაცრი წესები და გაზრდილი სანქციები დაწესდა.

„დღესდღეობით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ეკისრებათ ვალდებულება, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, რომელთაც არ აქვთ აშკარა კომერციული შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზან და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები”- ამბობს საყევარიშვილი.

ერთერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ბანკების მიმართ კლიენტების უნდობლობა გამოიწვიოს, არის საქართველოს კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანსური ოპერაციების შესახებ ეროვნული ბანკიდან კონტროლის პალატისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. საყევარიშვილის თქმით „ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად მთლიანად ხდება საბანკო საიდუმლოების ცნების იგნორირება.”

შეხვედრის რამდენიმე მონაწილის მოსაზრებით, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მხოლოდ კომერციული ბანკების სანქცირებას ითვალისწინებს, პოლიტიკური მოტივი აქვს.

ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებათა გამოკვეთილი პოლიტიკური კონტექსტი ცალსახად ვნებს ქვეყნის საბანკო სისტემის მდგრადობას და სტაბილურობას და მას პოლიტიკურ პროცესებზე გაცილებით მეტად დამოკიდებულს ხდის, რაც საბოლოო ანგარიშით მის მიმართ ნდობის შემცირების და სხვა არასასურველი პროცესების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ნახეთ ანგარიში სრულად.

 

 

 

 

 

 

 

 

ნახეთ მედია:

კავკასია- საინფორმაციო გამოშვება “დღეს”

მაესტრო- ახალი ამბები