21 ოქტომბერს 17 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართება დისკუსია თემაზე: “დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა”. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის განხორციელება საქართველოში – არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-19 მუხლი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას უთანასწორებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში ცხოვრებასა და თემის წევრობაზეუფლებას. ეს მუხლი იმოქმედებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ინსტიტუციური მოდელების ამკრძალავი მექანიზმი და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციებს თემში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს მოქმედი კანონმდებლობისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შესაბამისობას კონვენციის მე-19 მუხლის მოთხოვნებთან; ასევე ამ მუხლის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და განსაზღვრავს რეფორმის სფეროებს:
საცხოვრებელი ადგილის არჩევანი და არჩევანის თავისუფლება – ვისთან უნდა იცხოვროს პირმა; როგორია თემში ცხოვრების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში.
საერთაშორისო სამართალმა პირველად ამ კონვენციის მე-19 მუხლით ექსპლიციტურად /ღიად და ცხადად/ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებად. აღიარებს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ამ უფლებას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის? ასახულია თუ არა კანონმდებლობაში შეზღუდულიფსიქიკური ჯანმრთელობის შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა?ამ და სხვა საკითხების ირგვლივ აიგება დისკუსია მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეთა შორის.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, საავამდყოფოს მენეჯერები, პროფესიონალები, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი და ბუდაპეშტის ოფისის წარმოამდგენლები.
პროექტს აფინანსებს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ახორციელებს “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”.