საერთაშორისო დახმარება ეროვნული პარკის საზიანოდ არ უნდა დაიხარჯოს

25.01.2010

 

 

19 ნოემბერს, ფონდ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში კოალიციამ “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” და ასოციაციამ “მწვანე ალტერნატივა”    პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიის ფარგლებში, შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემის პროექტთან დაკავშირებული პრობლემის გამო დაიგეგმა.  

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას”  წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელიც ეროვნულ პარკს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შემთხვევაში უქადის. დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)  და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით,  აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებული საერთაშორისო დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

კოალიცია “გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს” გამოყოფილი თანხების განკარგვის მონიტორინგს ახორციელებს. ეროვნული პარკის დაცვის კამპანია სწორედ ამ კოალიციის წამოწყებაა.  “ჩვენი მიზანი არის არა პოსტ ფაქტუმ მონიტორინგი და შემდეგ უკვე გარკვეული მიგნებების გამოვლენა, არამედ პროცესის მონიტორინგი და  ამ პროცესში, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური გავლენის მოხდენა რეკომენდაციების წარდგენის გზით”-აღნიშნავს თამარ ქალდანი, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.  

ეროვნულ პარკზე ხაზის გაყვანის მარშრუტს საქართველოს მთავრობა ყველაზე ხარჯთეფექტურ ალტერნატივად განიხილავს. ასოციაციის “მწვანე ალტერნატივა”  შეფასებით კი ეს მარშრუტი დამანგრეველი აღმოჩნდება რუსეთის აგრესიის შედეგად ისედაც დაზიანებული ეროვნული პარკისთვის. “გვსურს, ხაზი გავუსვათ შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემის პროექტის მნიშვნელობას როგორც ქვეყნისათვის, ისე რეგიონულ ჭრილში, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეგიონული მნიშვნელობაც. ეს ალტერნატივა გულისხმობს რომ ელექტროგადამცემის მარშრუტი 11,5 კმ-ზე სიგრძის ტყით ინტენსიურად დაფარულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით მდიდარ მონაკვეთში გადაჭრის ეროვნულ პარკს, რაც გამოიწვევს 100 მეტრიან ზოლში ტყის პირწმინდად ჭრას” -ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი. 

მიუხედავად იმისა, რომ ხაზის გაყვანის ეს ალტერნატივა ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული შეხვედრაზე მყოფმა ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, რომ განიხილოს სხვა ალტერნატივებიც და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს: “ეს არის ერთ-ერთი ალტერნატივა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო განიხილავს. ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციების რაციონალურ რეკომენდაციებს. მზად ვართ მოვიძიოთ სხვა ალტერნატივებიც და შევჯერდეთ  ყველაზე ოპტიმალურზე. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის მივიღებთ”-აღნიშნა მან.

 

 

ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი