საერთაშორისო კონფერენცია ” ნარკოვითარება საქართველოში”

25.01.2010

 

2009 წლის 8 დეკემბერს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” ქალთა კლუბ ,,პეონისა” და ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია ,,ნარკოვითარება საქართველოში, პერსპექტივები და ნაბიჯები ევროინტეგრაციისაკენ”. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთა, არსებული შესაძლებლობების კონსოლიდირება, ევროპული გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.

კონფერენციაზე ქართველი და პოლონელი ექსპერტები განიხილავდნენ ხედვას ნარკოვითარებასთან მიმართებაში, პოლონეთის გამოცდილებას ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის საქმეში, საერთაშორისო სამართალსა და ეროვნულ კანონმდებლობას შორის არსებულ სამართლებრივ კოლიზიებს, საპატრიარქოს ჩართულობას წამალდამოკიდებულთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში და საპატიმრო ადგილებში წამალდამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ქალთა კლუბი ,,პეონი” ქალთა და არასრულწლოვანთა N 5 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ,,12 ნაბიჯის” მეთოდიკით ახორციელებს წამალდამოკიდებულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროექტს.

თეა ახობაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულება