1-3 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი “დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში” ჩატარდა. ფორუმი სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრის (EPRC) ეგიდით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს გამოჩენილმა საერთაშორისო ექსპერტებმა, მაღალი რანგის ქართველმა და უცხოელმა ოფიციალურმა პირებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
სადისკუსიო პანელებს მოდერაციას უწევდნენ სტენფორდის უნივერსიტეტის მოწინავე ექსპერტები სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროში – ფრენსის ფუკუიამა და ერიკ ჯენსენი. ფორუმზე იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, მმართველობის რეფორმა, უსაფრთხოება, სამოქალაქო საზოგადოების და განათლების როლი ქვეყნის განვითარების პროცესში.
ფორუმის სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სხვა მაღალი რანგის სახელისუფლებო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სტენფორდის პროფესორებმა ფრენსის ფუკუიამამ და ერიკ ჯენსენმა ქართველი სტუდენტებისთვისაც ჩაატარეს საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში.
სამდღიანი ლიდერთა ფორუმი Omidyar Network-ის, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს“, საქართველოს ბანკისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმის მიზანი იყო: ცოდნის გაღრმავება იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას იმ ქვეყნებში, რომლებიც იღწვიან ღია, ინკლუზიური საზოგადოებებისა და თანამედროვე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისკენ; ასევე, პოლიტიკის იმ ეფექტური მაგალითების განხილვა, რომლებიც მდგრადი, თანასწორი და სოციალურად დაბალანსებული ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საფუძველია.