საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ საშიშ სიმპტომებზე მიუთითებენ-რადიო”თავისუფლება”

08.06.2010

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ საშიშ სიმპტომებზე მიუთითებენ

ავტორი ნინო როდონაია

სამშაბათს საქართველოში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას კიდევ ერთი მიმართვა გაუგზავნა. მიმართვაში საუბარია თბილისის შესახებ

კანონისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რომელთა განხილვის პროცესში ხელისუფლება საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას ემხრობოდა. მიუხედავად ამგვარი მზადყოფნისა, არასამთავრობო სექტორის წინადადებები ცვლილებათა პროექტებში არ აღმოჩნდა. რა საშიშ სიმპტომებს ხედავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები?

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას შეახსენებს რევოლუციის შემდეგ გაჩენილ იმედს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ექნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ერთიანი კონცეფცია, რომელიც დემოკრატიისადმი ხელისუფლების ერთგულების პრინციპს დაეფუძნებოდა.
თუმცა დღემდე ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს ნაჩქარევი და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას. ამის ბოლო მაგალითია თბილისის კანონის ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.
ფონდ ” ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი საკრებულოს მიერ მერის არჩევის იდეას ამ ეტაპზე არ ეწინააღმდეგება, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს აქტიურ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რა წესით აირჩევა თავად საკრებულო და როგორ იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის თანაბარი პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები კონფრონტაციის საფრთხეს ხედავენ:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ,,ეს ყველაფერი არის სახიფათო ქვეყნის მომავლისათვის. იმ ოპოზიციურ ძალებში, რა თქმა უნდა, არის თვითმიზნური განწყობები: ოღონდ რაღაცა ხელისუფლებისა გააკრიტიკონ და მნიშვნელობა არა აქვს, რა. მაგრამ არიან სხვანაირი ადამიანებიც, ვისაც არა აქვს ეს ჩასაფრებული პოზიცია და სერიოზულად აქვს განსხვავებული მოსაზრებები, რომლის მოსმენის კულტურა და ტაქტი უნდა ჰქონდეს უმრავლესობასაც და ასევე საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, გაარკვიოს. საბოლოო ჯამში, ეს ხომ თვითმიზნური არ არის, ვის აირჩევენ და როგორ აირჩევენ. საზოგადოებისთვის ხდება ეს და გვაცალონ, ცოტა უკეთ გავერკვეთ.” (სტილი დაცულია)

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი თამარ ჟვანია იხსენებს არაერთ შეხვედრას, სადაც მერის პირდაპირ არჩევნებს უპირობო პრიორიტეტად თავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ასახელებდნენ:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს ეძღვნებოდა და იქ რაღაც გარკვეული პრიორიტეტები ჩამოიწერა. ყველაზე მეტი ხმა მიიღო პირდაპირ არჩევითობამ. თვითმმართველობისა და მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი ისეთ ქალაქებში, რომელიც არ არის რაიონის შემადგენლობაში, არის ქალაქის მერი.” (სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რევოლუციამდელი პრინციპები დაივიწყა და ამჟამად თავად აკეთებს იმას, რის გამოც წინამორბედებს დაუპირისპირდა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არაერთი მიმართვა გამოაქვეყნეს. მათ მოწოდებებზე ხელისუფლებას რეაქცია პრაქტიკულად არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მიმართვები კვლავ იწერება, რადგან, როგორც დავით დარჩიაშვილი ამბობს, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებთანაც დიალოგი შესაძლებელია:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ,,მაგრამ არის ხელისუფლებაში ხალხი, ვისთვისაც დემოკრატია ისეთივე ფასადია, როგორიც შევარდნაძისთვის იყო. ეს გამიჯვნა და კრისტალიზაცია თუ არ მოხდა, პრეზიდენტის ირგვლივ რა წრე დომინირებს, აუცილებლად შეექმნება უფრო სერიოზული პრობლემები საზოგადოებას და ხელისუფლებასაც, რა თქმა უნდა.” (სტილი დაცულია)

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეჭვი სამშაბათს სწორედ ფონდ “ღია საზოგადოების” ოფისში გამოითქვა. თითქმის ერთი თვეა ექს-პრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივის მხარდამჭერები სოროსის ფონდის სახელით ცნობილი ორგანიზაციის ოფისთან აწყობენ საპროტესტო აქციებს, ფონდის მიმართვას სამართალდამცავებისადმი კი პრაქტიკული შედეგი დღემდე არ მოჰყოლია:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ,,ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი უხუცესი წარმომადგენლის ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთვის” შექმნილი პრობლემები ბევრად უფრო გავლენიან ადამიანებს აძლევთ ხელს, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ფონდს ზოგჯერ აქვს დამოუკიდებელი პოზიცია, კრიტიკული პოზიციაც, რის გარეშეც სამოქალაქო საზოგადოება წარმოუდგენელია, და ამ ადამიანებს საერთოდ არ აძლევთ ხელს საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება.” (სტილი დაცულია)

კონკრეტული ძალები დავით დარჩიაშვილს სამშაბათს არ დაუსახელებია. ვინ უქმნის საქართველოში პრობლემებს არასამთავრობო სექტორის განვითარებას? – ამ თემაზე სადისკუსიოდ ფონდი საზოგადოებას და ხელისუფლებას იწვევს.