საიტი, რომელიც სახელმწიფო უწყებებიდან გაცემული საჯარო ინფორმაციის სტატისტიკას აღწერს

30.03.2011

წყარო: Media.ge
25 მარტი, 2011 – 17:26

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ახალი საიტი, GiveMeInfo, გამოჩნდა, რომლის მიაზნია აჩვენოს, თუ როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სახელმწიფო უწყებები.

საიტის შექმნის  იდეა ჟურნალისტ დავით ჩაგანავას ჯერ კიდევ გასულ წელს გაუჩნდა, თბილისში ჩატარებულ სოციალური ინოვაციების ბანაკშიც წარადგინა და გაიმარჯვა კიდეც. სწორედ ამ პროექტში მოგებული თანხითა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ვებ-გვერდი http://givemeinfo.ge.

საიტის კონტენტს თავად მომხმარებელი ქმნის, მათ ვისაც ხშირად უხდებათ ინფორმაციის გამოთხოვა – ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მონაცემების შეყვანისას კონფიდენციალურობა დაცულია. ანკეტის შევსება კი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემას გულისხმობს და გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებულ პასუხს ეხება.

ვებ გვერდზე გამოტანილია სტატისტიკა,  ამა თუ იმ უწყებიდან მიღებული რამდენი პასუხი იყო სრული, არასრული, შეუსაბამო, დაგვიანებული. აქვე ის ფაქტებიც

აღირიცხება, როცა ჟურნალისტებმა ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღეს.

„ამ საიტის საშუალებით გამოჩნდება, რომელი უწყება როგორ მუშაობს. ეს იქნება საჯარო ინფორმაციის დინების ერთგვარი რუკა. ახლა სხვადასხვა არასამთავრობოებთან ვმართავ კონსულტაციებს, რომ ყველა გამოთხოვილ ინფორმაციაზე შეიყვანონ მონაცემები. ბევრმა არ იცის საიტის არსებობის შესახებ, ამიტომ აქ განთავსებული ინფრომაცია ჯერ მწირია. რატომღაც ჰგონიათ, რომ დიდ დროს მოითხოვს, არადა სულ რამდენიმე წუთი სჭირდება,” – განუმარტა media.ge-ს დავით ჩაგანავამ.

მისი თქმით, საიტის კიდევ რამდენიმე განყოფილება დაემატება.