2006 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამოქალაქო განათლების ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც შედგებოდა სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ წარუდგინა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული ბიბლიოთეკა. ციფრულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილია დემოკარტიული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცემული სამოქალაქო სფეროსთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები და სხვა ტიპის ლიტერატურა, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებების, ეროვნული, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და მათ დაცვას, სიტყვის, გამოხატვისა და სინდისის თავისუფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობას, სხვადასხვა ქვეყნების დემოკრატიულ გამოცდილებებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო დონის ამაღლებას. დღეისათვის ციფრული ბიბლიოთეკა შეიცავს 79 წიგნს, რაც 9000 გვერდზე მეტია. მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი კილაძემ მოახდინა ციფრული ბიბლიოთეკის გამოყენების წესის დემონსტირირება. სიტყვით გამოვიდნენ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორი ბატონი დავით დარჩიაშვილი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს აღნიშნული ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე საქართველოში სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული ლიტერატურის თავმოყრისა და სისტემატიზაციის საქმისათვის.