კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა 1 ივნისს პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც ჰილარი კლინტონის სახელზე მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის მიზანია, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ყურადღების მიპყრობა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისუფალი და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი.
უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”
“ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,
პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს ქართული სახელმწიფოს მიმართ. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელების საქმეში.
ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისთვის პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი ანგარიშის თანახმადაც: ” მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო”. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო წინადებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში Must-carry-ს და Must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას. ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატიავას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე.
მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პლურალისტური მედია გარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას გამონახავთ საშუალებას, გამოხატოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.”
“ეს შენ გეხება” აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს – radiotavisupleba.ge, 1 ივნისი, 2012;
“ეს შენ გეხება”-ს მონაწილეები ჰილარი კლინტონს საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერას სთხოვენ – Palitra.tv, 1 ივნისი, 2012;
ნახეთ სხვა მედია.