სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პასუხი ანტიკორუფციულ ბიუროს

22.08.2025

2025 წლის აგვისტოში, შვიდმა  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს იმის შესახებ, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად. შვიდივე წერილი იდენტური და შაბლონურია.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში, ანტიკორუფციული ბიურო გამოარჩევს ხუთ საკითხს, რაც მათ „საეჭვოდ“ მიიჩნიეს. ამ საკითხების შინაარსი ასახავს ფონდის კრიტიკულ პოზიციას ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ თაობაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნისა და ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ.

2025 წლის 21 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა ანტიკორუფციულ ბიუროს საპასუხო წერილი გაუგზავნა. წერილში მათ დეტალურად განვუმარტეთ შემდეგი საკითხები:

  •  „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი” არ ითვალისწინებს ე.წ. ინსპექტირებასა და მოკვლევას – ეს უფლებამოსილება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მის მიერვე მიღებული კანონქვემდებარე აქტით დაიდგინა. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში გაჟღერებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, და არღვევს კანონიერების პრინციპს.
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ ექვემდებარება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დადგენილ მოთხოვნებს. ჩვენი ორგანიზაცია არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ავტონომიური მმართველო ორგანო – აღმასრულებელი საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა განსაზღვრულია წესდებითა და კანონმდებლობით, და ორგანიზაცია არავის მითითებასა და კონტროლს არ ექვემდებარება.
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ მონაწილეობს პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური პრინციპალების სასარგებლოდ ან ინტერესის შესაბამისად. ფონდი საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული პრინციპებისა და მიზნების მისაღწევად საქართველოში, ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში დამატებით არის განმარტებული ამერიკული FARA-ს სტანდარტები, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების ჭრილში.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის გაგზავნილი წერილის სრული ვერსია იხილეთ:

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.