საქართველოს პარლამენტის ბიურომ თვითმმართველობის კოდექსი დაარეგისტრირა

12.11.2013

საქართველოს პარლამენტის ბიურომ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი 12 ნოემბრის სხდომაზე დაარეგისტრირა. დოკუმენტის საკომიტეტო განხილვის პროცედურები პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

თვითმმართველობის ახალი კოდექსი თვითმმართველობის არსებულ სისტემას ევროპული, საზოგადოებაზე ორიენტირებული თვითმმართველობის სისტემით ცვლის. პროექტის მიხედვით, იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა(თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. 

ახალი კოდექსის მიხედვით, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები.ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დღესვე, თვითმმართველობის კოდექსის პროექტი ავტორებმა გააცნეს რეგიონულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი,
საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, რეგიონული მედიისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი.

ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის
ფასილიტატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”
და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”.

თვითმმართველობის კოდექსი შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტის ფარგლებში. 

საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსი ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა.

მეტი ინფორმაცია თვითმმართველობის რეფორმის პროცესზე ნახეთ ვებგვერდზე www.tvitmartvelobisdroa.ge