საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის ივნისში მიიღო კანონი “იურიდიული დახმარების შესახებ”, რომლის მომზადებაში ფონდიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ეს კანონი უცხოელი ექსპერტების შეფასებით აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ პროგრესულ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ იურიდიული დახმარების მიმწოდებლების მრავალფეროვნების, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სოციალურად დაუცველი ფენების რეალურ სამართლებრივ დაცვის მექანიზმების შექმნისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესების გამო. კანონი ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობასაც.
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა 2005 წლიდან უჭერდნენ მხარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმაში. 2007 წლის ბოლომდე დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურისა და მისი ტერიტორიული ბიუროების დაკომპლექტება, რათა 2008 წლიდან იურიდიული დახმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნას უზრუნველყოფილი. იურიდიული დახმარების სქემაში ბიუროების გარდა მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დახმარების რეესტრში რეგისტრირებული დამოუკიდებელი ადვოკატები და ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის ტერიტორიული ბიუროებისთვის ადმინისტრატორების, ადვოკატებისა და კონსულტანტების შესარჩევად. აგვისტოში კი დასავლეთ საქართველოს ბიუროებისთვის ჩატარდება კონკურსი. იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიული ბიუროები ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ სისხლის სამართლწარმოების ნებისმიერ ეტაპზე და იმ კატეგორიის ადმინისტრაციულ საქმეებზე, სადაც მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მსგავსი ბიუროები თბილისსა და ზესტაფონში 2005 წლის 1 ივლისს შეიქმნა.
პირველ ეტაპზე, კონკურსის წესით შერჩეული ადვოკატები სოციალურად დაუცველ ეჭვმიტანილებს მხოლოდ გლდანი-ნაძალადევისა და ზესტაფონის რაიონებში იცავდნენ.
მოკლე ხანში სამსახურმა საზოგადოების ნდობა დაიმსახურა, რასაც მოქალაქეების მიმართვისა და წარმატებულად დასრულებული საქმეების სტატისტიკაც ადასტურებს. შესაბამისად, გაიზარდა ბიუროების სამოქმედო არეალი და მან სრულად მოიცვა თბილისი და იმერეთის რეგიონი.
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა კვლავაც შეუწყობენ ხელს იურიდიული დახმარების სისტემის სრულყოფას საქართველოში. 2007 წლის 24-26 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ნატო გაგნიძე, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის უფროსის ნინო ცუხიშვილი, ფონდის პროგრამის მენეჯერი თამარ ქალდანი, სამართლებრივი ინიციატივის წარმომადგენლები ზაზა ნამორაძე და ანა ოგოროდოვა ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში.
ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივის მხარდაჭერით განხორციელებული ვიზიტის მიზანს ჰოლანდიურიიურიდიული დახმარების სისტემის გაცნობა წარმოადგენდა.
სამინისტროსა და ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს ამსტერდამის იურიდიული დახმარების ოფისი, სადაც ოფისის ხელმძღვანელმა ფრანს ომმა სტუმრებს დეტალურად გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების ადგილობრივი ქსელის მუშაობის თავისებურებები.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მიღება მოუწყვეს ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის სამინისტროშიც, სადაც, მათთან ერთად, შეხვედრას ბულგარეთის იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ვიზიტის დროს სამართლებრივი დახმარების სფეროში მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.