საქმიანობის კოორდინირება მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად

11.04.2011

30 მარტს ფონდ   “ღია საზოგადოება საქართველოს” და “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ერთიანი ძალისხმევით გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა მზრუნველობამოკლებული ბავშვების, კერძოდ ჩვილების, “გადაზრდილების” და “ქუჩის ბავშვების” პრობლემების განხილვისა და მათი მოგვარების ადეკვატური სტრატეგიის დასახვის მიზნით. შეხვედრაზე შეიკრიბნენ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები.

პრეზენტაციების სახით წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში  ჩვილ ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, კერძოდ ბავშვთა რაოდენობის ზრდა და ამჟამად არსებული და შემუშავებაში მყოფი ზრუნვის ალტერნატიული ფორმები. ასევე გამოიკვეთა ეგრეთწოდებული პრევენციული ზომები, რომელთა დანერგვის შემთხვევაში ჩვილთა მიტოვების თავიდან აცილება უფრო ეფექტური გახდება.

სამუშაო ჯგუფმა დაადგინა რომ ეს საკითხი საჭიროებს ჩაღრმავებულ განხილვას და შეთანხმდა, რომ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები, განაგრძობენ სამუშაო ფორმატში შეხვედრებს, რის შედეგადაც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები და მათი განხორციელების გზები. ამ ორგანიზაციებს შორის პარტნიორობა ჩვილ ბავშვთა საკითხებზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და არსებობს ერთსულოვნება ყველა კრიტიკულ საკითხზე. 

განსხვავებულია პალიატიური ზრუნვის საკითხი, დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა პრეზენტაცია საქართველოში დღეს არსებული პალიატიური ზრუნვის ფორმების შესახებ; ღიად დარჩა პრობლემა, თუ სად შეიძლება განთავსდეს პალიატიური მოვლის საჭიროების მქონე მზრუნვლობამოკლებული ჩვილები; ეს საკითხი ეხმიანება ფონდის მეორე პრიორიტეტს, რაც შეეხება ქვეყანაში ზოგადად პედიატრიული პალიატიური ზრუნვის სამსახურის განვითარებას. გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან პალიატიური ზრუნვის საკითხებზე მომუშავე ყველა მხარე და წარმოადგენენ კონცეფიციას, რომელზედაც დაყრდნობით მოხდება პალიატიური ზრუნვის ერთეულის შექმნის საკითხი განიხილვა.

შემდეგი თემა ეხებოდა ეგრეთ წოდებულ “ქუჩის ბავშვებს” და თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრის პრობლემებს. საკითხი წარმოადგინა ახლად დანიშნულმა დირექტორმა მაია მგელიაშვილმა; მან მიმოიხილა არსებული პრობლემები და წარმოადგინა სამომავლო გეგმა. ამ ცენტრის ეფექტურ ამუშავებას ხელს შეუწყობს უკვე ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი რომელიც “ქუჩის ბავშვების” მიმართებაში სტრატეგიას ამუშავებს. ცენტრის ფუნქციონირება დამოკიდებულია შუალედური, დამხმარე რგოლის არსებობაზე, მთავარი ამოცანა ცენტრისათვის არის, რომ  იგი არ იქნას განხილული როგორც ტიპიური ბავშვთა სახლი, აუცილებელია მან შეინარჩუნოს ფორმატი რომელშიც, მისი რთული კონტინგენტის საჭიროება დაკმაყოფილდება. ასევე აღინიშნა რომ განსავითარებელია დღის მომსახურება, რაც  უფრო ეფექტურს გახდის “ქუჩის ბავშვებისათვის” 24 საათიან მომსახურებას კრიზისულ ცენტრში.

მზრუნველობა მოკლებული ბავშვების და ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა SOS  ბავშვთა სოფლის წარმომადგენელმა. ბავშვთა სოფელი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს თავიანთი ბენეფიციარების დამოუკიდებლობის განვითარებაზე. ეს პროცესი ეტაპობრივია და უკვე გამოცდილი მეთოდებით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს დამოუკიდებლობისა და საკუთარ და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობას უნვითარებენ, სანამ 24 წლის ასაკისათვის იგი არ იძენს სრულ დამოუკიდებლობას. შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება რომ, შOშ ბავშვთა სოფელი მჭიდროდ იმუშავებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და უზრუნველყოფს თავიანთი მეთოდების დანერგვას სახელმწიფო ზრუნვის ერთეულებში, ასევე დახმარებას გაუწევს სახელმწფო ზრუნვის სამსახურს ახალი ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის განკუთვნილი საცხოვრისის განვითარებაში.

შესაჯამებლად, სამუშაო შეხვედრა იყო მხოლოდ საწყისი ამ კრიტიკულ საკითხებზე სამუშაოდ. ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას, რომ თითოეულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში (დაიგეგმა შეხვედრების ორგანიზება 10 დღის მანძილზე) და მიიღებს რეგულარულ ხასიათს.