,,საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებები’’

25.01.2010

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – 1 დეკემბერი, 2009 წელს გაეროს გადაწყვეტილებით ტარდება შემდეგი სლოგანით: საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებები.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 2009 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გამართა პრესკონფერენცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ქსელი შეუერთდა გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელთა მოწოდებას იმის თაობაზე, რომ აივ/შიდსის პრევენციის და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა შეუძლებელია ნარკოტიკების მომხმარების დეკრიმინალიზაციის გარეშე:

პან გი მუნი, გაეროს გენერალური მდივანი

,,მაშინ როდესაც მოწყვლადი ჯგუფების კრიმინალიზაცია ხდება მათი ცხოვრების სტილის გამო, კანონმდებლობა შესაძლოა გარკვეულ ბარიერს წარმოადგენდეს საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდასთან მიმართებაში”.

მიშელ სიდიბე, გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამების (UNAIDS) აღმასრულებელი დირექტორი

,,ნარკოტიკების მომხარებელთა კრიმინალიზაცია უნდა შეწყდეს; დამოკიდებულება არა კრიმინალი, არამედ დაავადებაა, რომელსაც მურნალობა ესაჭიროება”.

მიშელ კაზაჩკინი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

,,კვლავ და კვლავ უნდა ვაჩვენოთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებთან ყველაზე უკეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებები მუშაობს. სადამსჯელო ღონისძიებები, რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ და, რომლებიც მათ რესურსებს ფიტავს, მძიმე ტვირთად აწვება სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემებს”.

ანტონიო მარია კოსტა, გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა და დანაშაულის სამმართველოს  (UNODC) აღმასრულებელი დირექტორი

,,ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობაა: ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ და არა დასჯა.”

დღეისათვის საქართველოში  ოფიციალურად რეგისტრირებულია აივ/შიდსის 2204 შემთხვევა. მათგან 59.5% დაკავშირებულია ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებასთან. ეპიდემიის ეფექტური პრევენცია ზუსტად ამ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფთან მუშაობით არის შესაძლებელი. არსებული კანონმდებლობის გამო რთულდება, და ხშირად შეუძლებელი ხდება, ამ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება და არსებული სერვისების მიწოდება.