სოციალური ინოვაციის ბანაკი და სოციალური მედიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

06.04.2010

9 აპრილს,  თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” (კუს ტბის გზა, მარჯვენა მხარეს) კავკასიური “სოციალური ინოვაციების ბანაკი” და პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის” გაიხსნა. 2 საუკეთესო ვებ პროექტის ავტორის ვინაობა 10 აპრილს, 5:45სთ-ზე გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს კი ევროპელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური და აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ევროპიდან ჩამოსული კონფერენციის მონაწილეები გამოავლენენ.

სოციალური მედიის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოში წამყვანი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ვებ დეველოპერები, უნივერსიტეტების პროფესორები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბლოგერები მონაწილეობენ და ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:სოციალური მედია, როგორც სოციალური ცვლილებების კატალიზატორი; სამოქალაქო ჟურნალისტიკა და კონფლიქტები; მობაილ ჟურნალისტიკა; სოციალური მედიის როლი სამთავრობო გადაწყვეტილებების დროს; ტრადიციული და არატრადიციული მედიის როლი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში; ბლოგინგი; სოციალური მედიის როლი სახალხო დიპლომატიის პროცესში, სოციალური ქსელები და სოციალური რევოლუციები.

სოციალური ინოვაციის ბანაკში კი აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ვებ დეველოპერები, გამოცდილი ჟურნალისტები,  მარკეტინგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი და იმ 6 იდეაზე მუშაობენ, რომლებიც ჟიურიმ შერჩევის პირველ ეტაპზე საუკეთესოდ მიიჩნია. 6 ჯგუფად დაყოფილი მონაწილეები ცდილობენ 48 საათში არსებული იდეები ვებ პროექტებად გარდაქმნან და ჟიურის წევრებს და კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინონ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების განათლება და სხვა ის იდეებია, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. გამარჯვებული იდეის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, რაც ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

სოციალური ინოვაციების ბანაკი  პირველად 2007 წელს, ლონდონში შედგა. მეორედ 2009 წლის სექტემბერში ბრატისლავაში  ჩატარდა. საქართველოში ბანაკის ჩატარების იდეა სწორედ ბრატისლავას გამოცდილების შედეგად წარმოიშვა.

საქართველოში გამართულ ბანაკს დიდი ბრიტანეთიდან ამ იდეის ავტორი, ახალი მედიის სპეციალისტი დენ მაქქუილანიც ესწრება, რომელიც აღნიშნავს, რომ ”არ არის აუცილებელი ადამიანი მთავრობისგან ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ელოდოს ცვლილებებს. ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების გადასაჭრელად სხვა გზებიც არსებობს.”

საქართველოში დაგეგმილი  ბანაკისთვის შექმნილი სპეციალური ვებ გვერდის მეშვეობით შეიტყობთ უფრო მეტს სოციალური ინოვაციის ბანაკის შესახებ, გაეცნობით ჟიურის წევრებს, მონაწილეთა შერჩევის პროცედურებს, წაიკითხავთ ბანაკის ჩატარებამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ნახავთ დოკუმენტურ ფილმებს ბრატისლავაში და ლონდონში გამართულ სოციალური ინოვაციის ბანაკებზე.

იხ. ღონისძიების დღის წესრიგი.