სტრატეგიულ კვლევათა ცენტრში მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართება

24.02.2011

სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი 2010 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს – “ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს”.

პროექტის მიზანია საქართველოს თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა გააზრება მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის სწავლების საფუძველზე და მის კონტექსტში.

პროექტის განხორციელების ამოცანები:
 
1. ჩამოყალიბდეს ინტელექტუალური დიალოგის სივრცე საზოგადოებრივი ცხოვრების  ფუნდამენტური საკითხების დაყენებისა და გააზრებისათვის;
2. ხელმისაწვდომი გახდეს ფართო აუდიტორიისათვის მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის კონსტრუქციული  და პრაგმატული როლი;  
3. უზრუნველყოფილ იყოს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა განხილვაში და დისკუსიაში; 
4. გამოიცეს მერაბ მამარდაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული.

პროექტის ფარგლებში პირველი სემინარი 29 იანვარს ჩატარდა თემაზე –  „ ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის თანამედროვე პრობლემები და მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია”.

25 თებერვალს გაიმართება რიგით მეორე სემინარი თემაზე: ნაციონალური იდენტობა და ნაციონალური ნარატივები. მომხსენებელი იქნება ზაზა შათირიშვილი.

ღონისძიება გაიმართება ვუკოლ ბერიძის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა #6, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ოფისში.

დრო: 28 თებერვალი, საღამოს 6 საათი.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ფილოსოფოსები და ფილოლოგები,  მეცნიერები, პოლიტიკოსები, სოციალური სფეროს მკვლევარები.