2014 წლის 25 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში თბილისელი და ახალქალაქელი სტუდენტების “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ჩატარდა „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის” პროექტის “ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისთვის” ფარგლებში.
„ახალგაზრდა კონსტიტიტუციონალისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდების როლზე დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრების პროცესში. მან სტუდენტებს გაუზიარა თავისი ორგანიზაციის სამუშაო გამოცდილება და უამბო თუ რა წარმატებებს მიაღწია ორგანიზაციამ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.
დამსწრე სტუდენტებისთვის შეხვედრა საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა: “ყოველთვის მეტის გაკეთების სურვილი და ძალა გიჩნდება, როცა სხვათა წარმატებებს ისმენ, განსაკუთრებით ჩვენთვის ამ ტიპის შეხვედრებით არა მარტო ახალ ინფორმაციას ვიღებთ, არამედ საინტერესო ადამიანებსაც ვეცნობით, და ახალ კონტაქტებს ვამყარებთ” – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი არტაკ ერესიანი.
„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის” პროექტის – “ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისთვის” მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (ახალქალაქის, მარნეულის და თბილისის) ახალგაზრდობის ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების თემებიდან ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლას, ახალგაზრდების მონაწილეობით დისკუსიების ორგანიზებას, გამოცდილების გაზიარებას, ტრენინგების ჩატარებას სამოქალაქო განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადვოკატირებისა და სხვა საკითხებზე, ერთობლივი აქტივობებისა და ინიციატივების მხარდაჭერას და ადვოკატირების კამპანიის განხორციელებას.