პარასკევს, 18 მარტს, 14.00 საათზე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდია “მონიტორის” მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია.
გამოძიება ეხება საქართველოს ტყეებში უკანონო ჭრებს. ასევე თუ როგორ შეაჩერა საქართველოს მთავრობამ 2007 წელს მსოფლიო ბანკის “სატყეო სექტორის განვითარების პროგრამა,” რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ტყეების ინვენტარიზაცია იყო. საქართველოს მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა, რომ ტყეთმოწყობაზე უფრო აუცილებელი სატყეო დეპარტამენტის ოფისების მოწყობა და ტრენინგების ჩატარება იყო და ამიტომ მსოფლიო ბანკისგან თანხების ამ მიმართულებით გადამისამართება მოითხოვა. თუმცა, მსოფლიო ბანკმა პროექტი შეაჩერა და საქართველოს მთავრობას 11 მილიონი დოლარის ექვივალენტის ლარში უკან დაბრუნება მოუწია.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ სატყეო დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ჭეიშვილმა საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი დაარღვია. ზვიად ჭეიშვილი 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოსტიდან განაგებდა სატყეო საკითხებს, მისი ხელმძღვანელობით ჩინურ კომპანიას გადაეცა 6 მსხვილი ლიცენზია, 2008 წელს კი ჭეიშვილი თავად ამ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.
ასევე ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად განსხვავდება ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ოფიციალური სტატისტიკა ექპერტული კვლევებისგან.