ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ასოციაციამ “უფლება ჯანმრთელობაზე” ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის თემაზე ტრეინინგი ჩაატარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ წევრები კოალიციიდან “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”, ადამიანის უფლებებზე და ჯანდაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ასოციაცია ,,ნდობა,” ორგანიზაცია “ინტერლო”), წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.
ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ამ დარღვევებზე ადვოკატირების შესახებ. მოხსენებები ეხებოდა პაციენტის უფლებათა დაცვის სამართლებრივ და ეთიკურ საფუძვლებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვის პრობლემებს, ექიმის პროფესიულ და სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ნინო კიკნაძე
კანონის, მედიის და ჯანმრთელობის პროგრამა