ფონდმა ,,ღია საზოგადოება – საქართველო” მოამზადა კურსი “პირველი დახმარება ნარკოტიკების ზედოზირების დროს და კურსის ინსტრუქტორები”
2006 წლის დეკემბერში ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” ზიანის შემცირების პროგრამამ სამედიცინო მომსახურების კომპანია ,,მედიქლაბჯორჯიას” დაუკვეთა სასწავლო კურსის ,,პირველი დახმარება ნარკოტიკების ზედოზირების დროს” მომზადება. გეგმის მიხედვით განისაზღვრა კურსის შექმნა (ინსტრუქტორების კურსის ჩათვლით), კურსისათვის აუცილებელი მანიკენებით უზრუნველყოფა და 2 ინსტრუქტორის მომზადება. ტრეინინგ-კურსში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირების საკითხებზე.
კურსის ტრენერებად შერჩეულ იქნა ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის ,,ქსენონი” (ქ. ზუგდიდი) ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრის 2 თანამშრომელი .
2007 წლის 28 თებერვალს და 1 მარტს შერჩეულ პირებს ჩაუტარდათ ორდღიანი ტრეინინგი ,,მედიქლაბჯორჯიას” ტრეინინგ-ცენტრის ბაზაზე.
პირველ დღეს ,,ქსენონის” წარმომადგენლები დაესწრნენ კურსს ,,პირველი დახმარება ნარკოტიკების ზედოზირების დროს” და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მათ გადაეცათ კურსის სახელმძღვანელო და თანმხლები მასალები მეორე დღეს ტრეინინგის ჩასატარებლად.
მეორე დღეს ,,ქსენონის” წარმომადგენლებმა გაიარეს ინსტრუქტორის კურსი, ხოლო შემდეგ კი ჩატარდა ,,სიმულაციური” ტრეინინგი, სადაც ინსტრუქტორებად უკვე ,,ქსენონის” წარმომადგენლები მოგვევლინენ. ჯგუფის წევრები (ტრეინინგის მონაწილეები) კი ,,მედიქლაბჯორჯიას” თანამშრომლები იყვნენ. მიუხედავად მონაწილეების მიერ დასმული რთული შეკითხვებისა და ხელოვნურად შექმნილი (სიმულირებული) ,,უმართავი” სიტუაციებისა, ,,ქსენონის” თანამშრომლებმა წარმატებით გაართვეს თავი კურსის გაძღოლას.
ტრეინინგის დასრულების შემდეგ ,,მედიქლაბჯორჯიას” წარმომადგენლებთან ერთად გარჩეულ იქნა ჩატარებული ტრეინინგის როგორც დადებითი მხარეები, ასევე ხარვეზებიც.
მარტის შუა რიცხვებში ,,ქსენონის” წარმომადგენლები ,,მედიქლაბჯორჯიას” თანამშრომლების მეთვალყურეობით ჩაატარებენ აღნიშნულ ტრეინინგ კურსს. მისი წარმატებით გაძღოლის შემთხვევაში ,,ქსენონის” თანამშრომლები მიიღებენ ინსტრუქტორების სერტიფიკატებს. სერთიფიცირებული ტრენერები ტრეინინგ-კურსს ჩაუტარებენ გლობალური ფონდის პროექტის შპრიცების გაცვლისა და ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრების ბენეფიციარებს, ასევე თანასწორგანმანათლებლებს, ნარკოტიკების მომხმარებელთა ოჯახის წევრებს და ა.შ.