ტრენინგი სკოლის პედაგოგებისათვის, განათლების სპეციალისტების, ექსპერტებისა და სტუდენტებისათვის

04.03.2011

2011 წლის 10 და 24 თებერვალს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის (“აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი- თანამშრომლობა საზღვრებს გარეშე” მიმართულება) ორგანიზებით ჩატარდა 2 ერთდღიანი ტრეინინგი თემაზე – “სოკრატული სწავლებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება სასკოლო გარემოში”.

ტრეინინგის მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სწავლების სხვადასხვა მეთოდებს. მონაწილეებს უნდა შეესწავლათ კითხვის დასმისა და დილემის შექმნის ტექნიკა და მისი პრაქტიკაში გამოყენება.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ სკოლის პედაგოგები, განათლების ექსპერტები,  სპეციალისტები. ასევე განათლების ფაკულტეტის სტუდენტები და განათლების სფეროში მომუშავე პირები. მონაწილეები იყვნენ როგორც თბილისიდან, აგრეთვე რეგიონებიდან – რუსთავიდან, მცხეთიდან, ბოლნისიდან, ზუგდიდიდან, გორიდან და თელავიდან. ტრეინინგს ესწრებოდნენ ასევე იძულებით გადაადგილებული მასწავლებლებიც.

ტრეინინგს უძღვებოდა ბატონი გიორგი ლაცაბიძე, პედაგოგი, მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული უნარების ტრენერი, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ მინიჭებული აქვს ტრენერთა ტრენერის სერტიფიკატი (A მოდული). იგი არის ავტორი წიგნისა “განვითარების თეორიები” (დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის) და სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი.

ტრეინინგის იდეა გაჩნდა ბატონი გიორგი ლაცაბიძის პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ. მან პროგრამის “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” ფარგლებში 2010 წლის ნოემბერში მიიღო მონაწილეობა ინიციატივაში  – საქართველოსა და აზერბაიჯანის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციები ქმედებაში, რის შემდეგაც გამოთქვა სურვილი ფონდში ჩაეტარებინა ტრეინინგები და გაეზიარებინა პოლონეთში მიღებული გამოცდილებაც.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:  ბლუმის კოგნიტური მიზნების ტაქსონომიას, სოკრატულ სწავლებას, დილემის სწავლების პრინციპებს, სამოქალაქო ცნობიერების გაუმჯობესებას, შემთხვევის ანალიზს სკოლაში, მონტესორის სწავლების მეთოდს.

“ტრეინინგმა ბევრი რამ შესძინა ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას, ვაღიარებ ბევრი რამ ახალი და საინტერესოა… გავეცანი სწავლების სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებს, ამ მიდგომების გამოყენების შესაძლო გზებს… მივიღე საფუძვლიანი ცოდნა… პროგრამამ ნათლად დამანახა სწავლების თანამედროვე მოთხოვნების რეალობა და ახალი მეთოდების გამოყენების საჭიროება სწავლებაში… სიახლეებთან მორგება… კიდევ ერთხელ დამაფიქრა სწავლების მეთოდზე… გავიაზრე სასკოლო სწავლებაში  სამოქალაქო  განათლების  ჩართვის  აუცილებლობა”, აღნიშნული იყო 50-მდე მონაწილისაგან მიღებულ ტრეინინგის შეფასებებში.

მონაწილეებმა მიუთითეს, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაავრცელებენ კოლეგებს შორის; ტრეინინგი დაეხმარებათ მომავალში განხორციელებული პროგრამების დაგეგმვაში; ბავშვებთან მუშაობისას გამოიყენებენ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, აზროვნების სწავლას, გადაწყვეტილების მიღებას, პროექტებზე მუშაობას, ჯგუფურ საქმიანობას.

ტრეინინგზე დამსწრე საზოგადოებამ ისურვა, რომ ტრეინინგები მოეწყოს გარკვეული პერიოდულობით, სხვა საკითხებზეც, რეგიონებშიც, იყოს უფრო გრძელვადიანი და  ბევრი მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი.

თემით გამოწვეული დაინტერესებიდან და მრავალრიცხოვანი გამოხმაურებიდან  გამომდინარე, ფონდი გეგმავს მომავალშიც უმასპინძლოს მსგავს ტრეინინგებს პროგრამის “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე”  ფარგლებში მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად და სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად.