ფონდის ოფისში სტუდია ”თვითმხილველი”-ს დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო

25.01.2010

23 ოქტომბერს ფონდის „ღია საზოგადოება- საქართველო” მხარდაჭერით სტუდიამ „თვითმხილველი” მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოაწყო. წარმოდგენილ იქნა სამი ახალი ფილმი სახელწოდებით: „ენგურის ხიდი”, „თელავური სერიალი: ტატუირება” და „აჭარელი კოვბოი”.ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

სტუდია “თვითმხილველი” ჟურნალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელ “მოქალაქე-რეპორტიორთა” ქსელია, რომელიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიიური პროდუქციის საშულებით აშუქებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო მედია ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის” მიერ.

“გადაიღო ფილმი საკუთარ თავზე, ოჯახზე, ახლო მეგობრებზე, მეზობლებზე – ეს უკვე ნიშნავს გვიამბო როგორ და რით ცხოვრობს შენი ქვეყანა. ჩვენი ავტორები, რომლებიც  სხვადასხვა რეგიონებიდან, ქალაქებიდან და სოფლებიდან არიან ფილმების საშუალებით გვიამბობენ საკუთარი ცხოვრების, არსებული პრობლემების, ბედნიერებისა და უბედურების შესახებ. თითოეული მათგანი თავად ირჩევენ თემას და დამოუკიდებლად იღებს ფილმს. ჩვენ მათ მხოლოდ ვიდეოკამერებით და არაპროფესიონალურად გადაღებული მასალის პროფესიონალურ დონეზე  დამუშავებაში ვეხმარებით”– ამბობს  მარგარიტა ახვლედიანი, გოუ ჯგუფის დამფუძნებელი, დირექტორი და სტუდია ‘თვითმხილველის’ მთავარი რედაქტორი.  “ჩვენ უკვე 24-მდე ასეთი ისტორია გვაქვს გადაღებული, რომელსაც ყოველკვირეულად სამი ახალი ფილმი ემატება. სულ მალე, მათი რიცხვი  გაიზრდება ასამდე, ორასამდე… და გადაიქცევა ახალ ინტერნეტ ტელევიზიად, რომელსაც თავად ხალხი ქმნის”.

სტუდია “თვითმხილველი” არასამთავრობო მედია ორგანიზაცია გოუ ჯგუფის (Go Group) პროექტია, რომელიც  ევროკავშირის მხარდაჭერით „შერიგების რესურსების” (Conciliation Resources) და „უსაფრთხო სამყაროს” (Saferworld) პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს მხარს უჭერს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და ტრავმისა და ჟურნალიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია „დარტ ცენტრი” (Dart Center for Trauma and Journalism). გოუ ჯგუფის  მუდმივი პარტნიორია ბრიტანული ორგანიზაცია Conciliation Resources.

 

მაკა ცნობილაძე, „გოუ ჯგუფი”    
მობ.: 899 576265 თბილისი, ასლანიდის ქ. 9 
ტელ: (+995 32) 365433
maka.tsnobiladze@gogroupmedia.net
www.gogroupmedia.net