ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ განხორციელებული პროექტების, პროექტების ფარგლებში მომზადებული ანგარიშების და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

20.01.2010

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჩატარდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში  განხორციელებული 3 პროექტის და ამ პროექტების ფარგლებში   მომზადებული 2 ანგარიშისა და 1 სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  რომლებიც გაეცნენ  ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამუშაოს და წარმოდგენილი 3 პროექტის ფარგლებში შექმნილ პროდუქციას.

პრეზენტაციაზე სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა პროექტის: “საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა” ფარგლებში შექმნილმა ანგარიშმა, რომელშიც  ყურადღება გამახვილებულია სამ ძირითად საკითხზე: 1) საქართველოში დღეს მოქმედი ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და მათი კონკრეტული ფუნქციების აღწერაზე, 2) ამ ინსტიტუტებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთკავშირის ხარისხზე და 3) განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმებისა და ცალკეული ღონისძიებების ეფექტურობასა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.  კვლევა ეყრდნობა ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა გამოკითხვებს, ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ანალიზს.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო “საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ყოველწლირი  ანგარიში – 2006” , რომელიც მომზადდა და დაიბეჭდა ფონდის კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შიდა პროქტქის ფარგლებში.   აღნიშნული ანგარიშის შექმნა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის პროცესის აღწერის პირველ ცდას წარმოადგენს. მისი მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოებაში აღნიშნული საკითხის სისტემური განხილვის პროცესის ხელშეწყობა, ხოლო, მეორე მხრივ, საჭირო რეკომენდაციების მიწოდების გზით შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნის პროცესის დაჩქარება წარმოადგენს.

ცალკე ყურადღება დაეთმო ელექტრონულ სახელმძღვანელოს “ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებს”.  სახელმძღვანელო მომზადდა  ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო”  კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის პარტნიორობით. სახელმძღვანელო გამოცემულია ელექტრონული ფორმით და  წარმოადგენს კომპაქტ-დისკზე მოთავსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პროცედურების  შესახებ თავმოყრილ ინფორმაციას, ასევე მუნიციპალიტეტების შესახებ საცნობარო და სტატიკურ მონაცემებს.