11 აგვისტოს, ბათუმში ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორობით სამდღიანი სამუშიაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში – “თანამშრომლობა ინტეგრაციის და განვითარებისათვის” სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრა მრავალკომპონენტიანი გახლდათ და მის უმთავრეს მიზანს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის ქართული სამართლებრივი სივრცის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ქვეყნის შიდა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება წარმოადგენდა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს, უმაღლეს საბჭოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ლევან ვარშალომიძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაური ბატონი დიმიტრი სანაკოევი, ორივე მხარის მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ორგანიზატორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმოამდგენლები.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაურის ბატონ დიმიტრი სანაკოევის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან ვარშალომიძის მიერ ინიცირებული შეხვედრა ორგანიზებული იყო ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის, ასევე ფონდის ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ.