ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ბერილი” ფარგლებში მიმდინარე წლის 18 და 19 ოქტომბერს გალერეაში “ჰობი” (გ.ჭანტურიას ქ. N 8) გაიმართა ბავშვების ნამუშევრების (ფოტოსურათებისა და ნაკეთობების) გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული უნარების მქონე აღსაზრდელთა შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურებოდა. ბავშვების ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდება აღნიშნული პროექტის მიზნებს. პროექტის განმხორციელებელია საინიციატივო ჯგუფი, ავტორი – ირაკლი ნადირაძე,
პროექტის მიზანია ბავშვთა სახლების აღსაზრდელთათვის ისეთი ღონისძიებების შეთავაზება, რომელიც აღსაზრდელებს გახდის გარშემომყოფთა წინაშე ანგარიშვალდებულს და გაზრდის მათ ინიციატივიანობას და ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
გამოფენის პრეზენტაციისას ასევე ნაჩვენები იყო ფოტოკოლაჟი “ბერილი”-ს მიერ ჩატარებული წინა აქციის შესახებ.
აქცია ითვალისწინებდა მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა მიერ დამზადებული ჩურჩხელების გადაცემას იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის.
გიგა ზედანია
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი