ა.წ 18-20 სექტემბერს, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის” ფარგლებში გრიგოლეთში გაიმართა ტრეინინგი იურისტებისათვის “ადამიანის უფლებები და პალიატიური მზრუნველობა”.
ტრეინინგის მიზანს წარმოადგენდა იურისტების ცოდნის დონის ამაღლება ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებში, კერძოდ: ისინი გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პაციენტის უფლებები და საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პაციენტის ინდივიდუალური და სოციალური უფლებები, პაციენტის ქმედუნარიანობა და შეზღუდული ქმედუნარიანობა, პალიატიური მზრუნველობის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, მოვლა და მკურნალობა უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე, ტკივილის მართვა, წამალთა ხელმისაწვდომობა, ევთანაზია და სხვა.
ტრეინინგს ესწრებოდნენ იურისტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ადვოკატთა ასოციაციიდან, იურიდიული დახმარების ცენტრიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, ასოციაცია “ნდობიდან”, “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრიდა”, ასოციაცია “პერიდან” და სხვა კერძო იურიდიული ფირმებიდან.
“მინდა მადლობა გადავუხადო ფონდს ღია საზოგადოება-საქართველო ამ ტრეინინგის მოწყობისათვის, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგო თუ რა არის ჯანდაცვის სამართალი და რაოდენ მნიშვნელოვანია ადამინის უფლებების დაცვა პალიატიურ მზრუნველობასთან მიმართებაში”- აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა.
“უნდა ავღნიშნო, რომ ხშირად მიწევს კონსულტაციების გაწევა პაციენტებისათვის, თუმცა თითქმის არ ვიცნობდი პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს. ამ ტრეინინგმა მნიშვნელოვნად აამაღლა ჩემი ცოდნის დონე, რაც მომცემს შესაძლებლობას კონსულტაციები გაუწიო პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებსაც” – აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის უფლებების დაცვის იურისტმა ალექსანდრე დარახველიძემ.
ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი