უკვე რამდენიმე წელია, რაც ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ახალ წელს ულოცავს მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს.
წელს დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შედეგად, სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უმეტესობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილდა. ახალი ტიპის სახლებში ბავშვები ოჯახურ გარემოში იზრდებიან და როგორც წესი, მათი რაოდენობა თხუთმეტს არ აჭარბებს.
წლევანდელი საახალწლო ღონისძიება წინა წლებისგან განსხვავებული გამოვიდა. ფონდმა საახალწლო ღონისძიებაში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვებიც ჩართო. 21 დეკემბერს კინოთეატრ “რუსთაველში” ფონდის თანამშრომლებმა 380-მდე მოზარდი წაიყვანეს მულტფილმზე “მხიარული პინგვინები”. სეანსის შემდეგ კი საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ბავშვები თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე ახალი ტიპის საოჯახო სახლებიდან და დღეისათვის მოქმედი რამდენიმე ბავშვთა სახლიდან იყვნენ.