სემინარს ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: გაზეთი “ალია”, გაზეთი “PS”, რადიო “ჰერეთი”, უსინათლოთა კავშირი – ჟურნალი “სინათლე”, რეგიონულ ჟურნალისტთა ქსელი და სხვ. სემინარს უძღვებოდნენ ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრის “თანადგომა” წარმომადგენლები – თამარ მახარაშვილი და რატი იონათამიშვილი. როგორც სემინარის ერთ-ერთი წამყვანი, ასევე ზოგიერთი მონაწილე თავად წარმოადგენდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რამაც ღონისძიება უფრო შთამბეჭდავი და ინტერაქტიული გახადა. მონაწილეებმა წინასწარ გამოთქვეს თავიანთი მოლოდინები სემინარის თაობაზე, განიხილეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებით, განახორციელეს მუშაობა მცირე ჯგუფებში და მოაწყვეს პრეზენტაცია “ენა და ეტიკეტის” საკითხებზე. მოხდა ქართული და უცხოური დოკუმენტური ფილმების ჩვენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი საქმიანობის შესახებ. დამსწრეთა შეფასებით საინტერესო იყო ინვალიდობის მქონე პირთა მიერ შესრულებული ლათინური ცეკვების, საბალეტო ხელოვნებისა და ექსტრემალური ილეთების ხილვა. ასევე ნაჩვენები და განხილული იყო ქართული სატელევიზიო და ბეჭდური მასალა იმ შეცდომების აღნიშვნით, რომლებიც ხშირად მოსდით ჟურნალისტებს ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიასთან მიმართებაში. რეგიონულ ჟურნალისტთა ქსელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სემინარები უფრო ფართო მასშტაბით საჭიროა მოეწყოს რედაქტორებისა და პროდიუსერებისათვის. ტრენერებთან ერთად გამოითქვა საბავშვო ბაღის მასწავლებელთა და ფსიქოლოგთათვის, ასევე სტუდენტებისათვის მსგავსი სემინარების ჩატარების სურვილი.
ნინო კიკნაველიძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი